ქუთაისში ყინულის მოედნის აღდგენას ითხოვენ. აღნიშნული მოთხოვნით ყინულის მოედანთან მოსწავლეები და მშობლები შეიკრიბნენ.
მათი განცხადებით, რვა თვეა დაწესებულება არ ფუნქციონირებს, რადგან ადმინისტრაციამ მწყობრიდან გამოსული აგრეგატის შეცვლა ვერ მოახერხა.
მშობლები ყინულის მოედნის ადმინისტრაციასა და ქალაქის მერიას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.
„ამ მოედანმა ჩემი შვილი გადაარჩინა. ბავშვების ჯანმრთელობისთვის მისი არსებობა მნიშვნელოვანია. ქალაქის მერიამ რვა თვის განმავლობაში ყინულის აგრეგატის შეძენა ვერ მოახერხა. თუ მოედანი მუშაობას უახლოეს პერიოდში არ დაიწყებს, უფრო მეტი შევიკრიბებით“, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ლალი მახარაძე.
ქუთაისის მერიის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში აცხადებენ, რომ ადგილობრივ ბიუჯეტში უკვე მოძიებულია შესაბამისი თანხა და აგრეგატს უახლოეს დღეებში შეიძენენ.