ქალაქ ქუთაისში თეთრი ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაიწყო. პირველ ეტაპზე მოხდება ხიდის მოაჯირების დასუფთავება და დაგრუნტვა. სამუშაოების ფარგლებში, ხის საფარი რკინის ფილებით შეიცვლება. ასევე, მოხდება ხიდის კონსტრუქციის გამაგრება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია “ალმა-რუს საქართველო” ასრულებს.
„თეთრი ხიდი ქუთაისის სავიზიტო ბარათია და ტურისტებისთვის საინტერესო ადგილი, ამიტომაც ჩვენ პრიორიტეტად დავისახეთ ეს მშენებლობა“, – განაცხადა ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ.
სატენდერო პირობების თანახმად, სამუშაოები დამკვეთმა მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლომდე უნდა დაასრულოს. ხიდის რეაბილიტაციისთვის 436 ათასი ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაიხარჯება.