ქუთაისში ტაქსის ერთ-ერთი კომპანიის მძღოლები ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრას ითხოვენ
ქუთაისში ტაქსის მძღოლების პროტესტი მესამე დღეა მიმდინარეობს. კომპანია “მაქსიმში” დასაქმებულები ტარიფის 30 თეთრით გაზრდას ითხოვენ.
გაფიცულები ქალაქის მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან არიან შეკრებილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ.
“400-მდე მძღოლი ვართ გაფიცული. სასაცილო ტარიფით საქმიანობს კომპანია. ჩვენ გავხადეთ ეს კომპანია მონოპოლისტი. ჩვენით ჰყავთ მგზავრები. რა ვქნათ, საწვავი გაძვირდა. მანქანას თუ მივხედეთ, ოჯახს ვერ მივხედავთ და პირიქით. 30 თეთრით გაზრდაზეა საუბარი, რომ არც ჩვენ დავზარალდეთ და არც მგზავრები. გვეუბნებიან, თუ არ შეწყვეტთ პროტესტს, სამუდამოდ დაიბლოკებითო. გვინდა, ქუთაისის ხელისუფლება დაინტერესდეს ჩვენი პრობლემით. 400 უმუშევარი ქალაქს რომ დააწვება, კარგია?”- აცხადებს ტაქსის მძღოლი გიორგი შალიკაშვილი.
ტაქსის კომპანიაში აცხადებენ, რომ გაფიცულთა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება და ტარიფების გაზრდა არ მოხდება. ქუთაისის მერიიდან კი აქციის მონაწილეებს ამ დროისათვის არავინ გამოხმაურებია. მერიაში აცხადებენ, რომ დავაში ისინი ვერ ჩაერევიან.
აღნიშნული ტაქსის კომპანია კერძოა და ის ბაზარზე ორი წლის წინ შემოვიდა. კომპანია მომსახურეობას დაბალი ტარიფებით ახდენს, რაც დასაქმებულების პროტესტის მიზეზი გახდა.