ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ერემეიშვილმა და ა(ა)იპ კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების უფროსმა, ვაჟა ჯუღელმა ხელოვნების სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. ინფორმაციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნულ შენობაში ფუნქციონირებს ფოლკლორის სასწავლებელიც და ჯამში, 600-ზე მეტი ბავშვი სრულიად უსასყიდლოდ ეუფლება ხელოვნების სხვადასხვა ჟანრს.
„შენობა, რომელიც წლების განმავლობაში ათასობით ბავშვს მასპინძლობდა, ამორტიზებული და მწყობრიდან გამოსული იყო. ათწლეულების განმავლობაში აქ არანაირი სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაო არ ჩატარებულა“, – აღნიშნულია სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ხელოვნების სკოლის სრული რეაბილიტაციისთვის 370 000 ლარზე მეტია გამოყოფილი, გარემონტდება როგორც ფასადი, ასევე შეიცვლება შიდა ინფრასტრუქტურაც, განახლდება გათბობისა და განათების სისტემებიც.
„ასეთი კომპლექსური და მასშტაბური სამუშაოები ქალაქის სახელოვნებო სკოლებში ქუთაისში წლების განმავლობაში არ ჩატარებულა. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს სამივე მუსიკალურ და ხელოვნების სკოლაში. შედეგად, მალე ქალაქში გვექნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახელოვნებო სკოლები“, – განაცხადა მერის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ერემეიშვილმა.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ცნობით, ხელოვნების სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ივნისში დასრულდება და ახალი სასწავლო წლიდან ხელოვნების მოყვარული მოსწავლეები სახელოვნებო პროფესიების დაუფლებას თანამედროვე, კომფორტულ შენობაში გააგრძელებენ.