ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა
ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა და ქალაქს კიდევ ერთი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სარეკრეაციო ზონა შეემატა. ინფორმაციას იმერეთის გუბერნია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ერემეიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა.

სკვერში განახლდა საფეხმავლო ბილიკები, მოეწყო ახალი გაზონები, დაიდგა ლამპიონები, ძელსკამები, საბავშვო ატრაქციონები, დაირგო დეკორატიული მცენარეები.

„ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ნაწილს თანამედროვე დასასვენებელი ადგილი შეემატა. განახლებულ სკვერში ჩვენი თანაქალაქელები, თავიანთ პატარებთან ერთად, დროს სასიამოვნოდ გაატარებენ. მჯერა, ეს სკვერი მალე იქცევა ამ უბნის მაცხოვრებელთა რჩეულ რეკრეაციულ ზონად”, – განაცხადა ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა.

როგორც გუბერნიაში აცხადებენ, სკვერში სამუშაოები შპს „ნიუ სთაილმა“ შეასრულა და მის რეაბილიტაციაზე 234056 ლარი დაიხარჯა.