ქუთაისში რუსეთ-საქართველოს ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ, მოადგილე ბესიკ გოფოძემ, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ერემეიშვილმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტში, ზაზა ლომინაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი შენგელიამ, ომში დაღუპული გმირების ოჯახის წევრებმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა ქუთაისში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
„16 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან. ჩვენ ყოველ წელს ვიხსენებთ იმ ჯარისკაცებს, რომლებმაც რთულ დღეებში საკუთარი სიცოცხლე შესწირეს ქვეყნის კეთილდღეობას, ასევე ვიხსენებთ იმ მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც შეეწირნენ სამშობლოს დაცვას. ათასობით მოქალაქემ დაკარგა საცხოვრებელი სახლი, იქცა თავის ქვეყანაში დევნილად და, შედეგად, დღეს ჩვენ გვაქვს ქვეყნის 20% დროებით ოკუპირებული რუსეთის მიერ. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობის პრიორიტეტი ყოველთვის იყო და იქნება ქვეყნის გამთლიანება, სანამ დროებით ოკუპირებული ტერიტორია არ შემოუერთდება ჩვენი ქვეყნის იურისდიქციას. ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ და გავაკეთებთ მხოლოდ მშვიდობით“, – განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ.
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის, დავით ერემეიშვილის თქმით, გმირების ხსოვნის პატივგების უპირველესი ნიშანი იქნება ის, რომ საქართველო უნდა იყოს ერთიანი, ძლიერი, მშვიდობიანი და დამოუკიდებელი ქვეყანა.
„2008 წელს ჩვენი სახელმწიფოს მიმართ აგრესორი ქვეყნის, რუსეთის მიერ ჩადენილი იქნა უმძიმესი დანაშაული, რასაც მოჰყვა ადამიანთა მსხევრპლი, მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეობის. დღემდე ოკუპირებულია საქართველოს კუთვნილი ტერიტორიები. ტრაგიკული დღეები იყო ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში. დღეს პატივი მივაგეთ აგვისტოს ომის გმირების ხსოვნას. მათი ოჯახების წევრებთან ერთად გვირგვინით შევამკეთ გმირთა მემორიალი, რომელსაც სულ მალე განახლებული იერ-სახით წარვუდგენთ საზოგადოებას. ჩვენი გმირების ხსოვნის პატივგების უპირველესი ნიშანი იქნება ის, რომ საქართველო უნდა იყოს ერთიანი, ძლიერი, მშვიდობიანი და დამოუკიდებელი ქვეყანა“, – განაცხადა დავით ერემეიშვილმა.
სასულიერო პირებმა რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს. რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალის მიმდებარედ 2008 წლის ომში დაღუპული ჯარისკაცებისა და საომარი მოქმედებების შედეგად განადგურებული ტერიტორიების ამსახველი ფოტოები გამოიფინა. ასევე, წარმოდგენილი იყო პროექტის რენდერები, რომლის მიხედვით რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ გმირთა მემორიალს. რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირებს იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში მიაგეს პატივი.
დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ შენობებზე. 2008 წლის აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ომში დაიჭრა და დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 – სამხედრო მოსამსახურე.