ქუთაისში რამდენიმე ოპოზიციური პარტია ხელისუფლებას ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის განხორციელების ვადების დასახელებას სთხოვს
ქუთაისში რამდენიმე ოპოზიციური პარტია ხელისუფლებას ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის განხორციელების ვადების დასახელებას სთხოვს

ქუთაისში რამდენიმე ოპოზიციური პარტია ხელისუფლებას ქუთაისის განვითარების გეგმის წარდგენის მოთხოვნით ღია წერილით მიმართავს.

ბრიფინგი პარტიების წარმომადგენლებმა ქუთაისში ყოფილი პარლამენტის შენობის წინ გამართეს. ისინი ხელისუფლებასა და „ქართული ოცნების” ლიდერსმ ბიძინა ივანიშვილს ქუთაისის განვითარების გეგმის წარდგენას სთხოვენ.

მათი შეფასებით, ქალაქი უკიდურესად მძიმე ვითარებაშია, რასაც სოციალურ ეკონომიკური ვითარება და უმუშევრობა განაპირობებს. ქალაქს განვითარების ბოლო შესაძლებლობა კი, საკანონმდებლო ორგანოს თბილისში გადატანამ დაუკარგა.

ამასთან, ისინი მოითხოვენ, ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობის პროექტის განხორციელების რეალური ვადები დასახელდეს.

„საქართველოს ხელისუფლებამ ქუთაისთან მიმართებაში ერთადერთ ქმედით ღონისძიებას მიმართა, ესაა პარლამენტის ქუთაისიდან კვლავ თბილისში გადატანა. ქალაქში სახლებზე გაჩნდა წარწერა „იყიდება“. ქუთაისს ტოვებს მოსახლეობის დიდი ნაწილი. გთხოვთ, გვითხრათ სიმართლე ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან დაკავშირებით – როდის ვიხილავთ ქალაქში 60 ათას სტუდენტს“, – აღნიშნულია ღია წერილში.