ქუთაისში ქუჩების მორეცხვა გრძელდება. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამჯერად სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით და ქაფით ქუჩები საფიჩხიის უბანში ირეცხება.
სამუშაოებს ქუთაისის მერიის ა(ა)იპ „სპეციალური სერვისები“ ატარებს. „სპეციალური სერვისების“ თანამშრომლებთან ერთად, ქუჩების გადარეცხვაში მონაწილეობს საგანგებო სიტუაციების სამსახური, რომელიც პროცესში საკუთარი ტექნიკითაა ჩართული.
სამუშაო პროცესს ესწრებოდნენ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იმერეთის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი ვლადიმერ ჯღამაძე.
„კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში სადეზინფექციო სამუშაოები ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთანავე, ეს სამუშაოები ჩატარებული უნდა იქნეს რეკომენდაციების სრული დაცვით. უკვე რამდენჯერმე მოირეცხა ქალაქის ქუჩები და ეს პროცესი კვლავ გამეორდება“, – განაცხადა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა
ქუთაისის ქუჩების მორეცხვის პროცესი ქაფითა და სადეზინფექციო ხსნარებით, პანდემიის პირობებში, პერმანენტულად გაგრძელდება.
ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.