ქუთაისში ქართულ-პოლონური მეგობრობის სკვერი გაიხსნა
ქუთაისში ქართულ-პოლონური მეგობრობის სკვერი გაიხსნა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისის მერ გიორგი ჭიღვარიასთან და პოლონეთის ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად, პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის, ვლადისლავ რაჩკევიჩის სახელობის ქართულ-პოლონური მეგობრობის სკვერი გახსნა. ვლადისლავ რაჩკევიჩი ქუთაისში დაიბადა და პოლონეთის პრეზიდენტი 1939-1947 წლებში იყო.

ღონისძიებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი დაესწრო.

გახსნის ცერემონიაზე შესრულდა საქართველოსა და პოლონეთის სახელმწიფო ჰიმნები. სტუმრებს სიტყვით მიმართა სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, რომელმაც პოლონურ მხარეს საქართველოს ევროატლანტიკური კურსის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა, სკვერი, რომელიც გავხსენით, ჩვენი მეგობრული ურთიერთობების სიმტკიცის სიმბოლოა, რომელიც კიდევ უფრო გამყარდება და საფუძვლიანად გაგრძელდება მომავალშიც. ჩვენ გვახსოვს, რომ პოლონეთი მუდამ იდგა და დგას საქართველოს გვერდით. ჩვენ ქვეყნებს შორის მეგობრობა და თანამშრომლობა სამაგალითოა ბევრი მიმართულებით. ეს ძმური დამოკიდებულება არასოდეს შეიცვლება. დარწმუნებული ვარ, ამ სკვერს არაერთი პოლონელი ტურისტი ეწვევა“, – განუცხადა ჟურნალისტებს სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ.

ქართულ-პოლონური მეგობრობის სკვერში კუიავსკო-პომორსკის რეგიონის მარშალის პიოტრ ცოვბესკის ინიციატივით ვლადისლავ რაჩკევიჩის ბიუსტი დაიდგმება, რომელსაც პოლონელი მოქანდაკე გააკეთებს და 2 მაისს, ქუთაისქალაქობაზე საზეიმოდ გაიხსნება.