საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტის აუზის მშენებლობა დაიწყო.
მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, პროექტი აზიის განვითარების ბანკის 8.3 მილიონი ლარის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.
პროექტის მიხედვით, ქუთაისში აშენდება საერთაშორისო სტანდარტების, 50მ სიგრძისა და 25მ სიგანის საცურაო აუზი.
„აუზის კომპლექსი ითვალისწინებს სპეციალური სივრცეების მოწყობას როგორც აუზის მომხმარებლებისათვის, ისე მსაჯებისა და მწვრთნელებისათვის (გასახდელები, საშხაპეები). სპორტკომპლექსში ასევე, შესაძლებელი იქნება სპორტსმენთა ფიზიკური მდგომარეობის აღდგენისა და ტრავმების სარეაბილიტაციო სპეციალური სივრცეებით სარგებლობა.
ოლიმპიური საცურაო აუზის მშენებლობა ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და მნიშვნელოვანია წყლის სპორტის მიმართულებით ქუთაისში არსებული ტრადიციების განვითარებისთვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ადგილზე დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მუნიციპალური განვითარეის ფონდის აღმასრულებელი დორექტორი გიორგი შენგელია და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე იმყოფებოდნენ.
აუზის მშენებლობა 2022 წელს დასრულდება. აღინიშნა, რომ ქუთაისის გარდა, სპორტკომპლექსების მშენებლობა დაიწყო კიდევ სამ ქალაქში – ახალციხეში, რუსთავსა და ზუგდიდში.