ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მცხოვრები ლაფერაძეების ოჯახი ონკოლოგიურ საავადმყოფოს ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებს.
როგორც ლაფერაძეები ამბობენ, 31 იანვარს 64 წლის ბადრი ლაფერაძე ოპერაციის დროს გარდაიცვალა. მომხდარს ოჯასი წევრები ექიმებს აბრალებენ.
გარდაცვლილის ოჯახის წევრების განცხადებით, ექიმებმა ოპერაციამდე პირობა მისცეს, რომ ოპერაცია გართულებების გარეშე დასრულდებოდა, თუმცა იგივე ექიმებისგან გაიგეს, რომ მამაკაცს გული გაუჩერდა.
ლაფერაძეები ექიმების პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ, რადგან ფიქრობენ, რომ ოპერაცია სათანადოდ არ ჩატარდა.
,,როცა გვითხრეს მამის გარდაცვალების შესახებ, ავედი ცხედრის სანახავად და უკვე გაყინული იყო. არ გვიმხელდნენ და ჩემი ვარაუდით გარდაცვალებიდან დაახლოებით ორი საათის შემდეგ შეგვატყობინეს”, – განაცხადა პირველ არხთან გარდაცვლილის შვილმა დავით ლაფერაძემ.
გარდაცვლილის ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა და ოჯახი პასუხს დაახლოებით ერთ თვეში ელოდება.
გარდაცვლილის ოჯახის წევრების თქმით, ბადრი ლაფერაძეს მეორე სტადიის ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საავადმყოფოში კომენტარს არ აკეთებენ.