ქუთაისი კონფერენციას სახელწოდებით, „იმერეთი თავისუფალი C ჰეპატიტისგან“ მასპინძლობს.
კონფერენციაზე საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის საკითხებზე და სამომავლო გეგმებზე მსჯელობენ.
როგორც კონფერენციაზე აღინიშნა, საქართველოში, C ჰეპატიტის ელიმინაციის სტრატეგიული მიზნის მისაღწევად, საჭიროა ყველა მოზრდილი ადამიანის (2,8 მლნ პირი) დაავადებაზე ერთხელ მაინც გამოკვლევა, ქრონიკული C ჰეპატიტით ინფიცირებულთა 90%-ის (135 000 ადამიანის) გამოვლენა, მათი 95%-ის (128 250 ადამიანის) მკურნალობა, ნამკურნალებ პირთა 95%-ის (122 000 ადამიანის) განკურნება.
„ქვეყანაში C ჰეპატიტის სკრინინგის ერთიან ეროვნულ ბაზაში დარეგისტრირებულია 3.6 მლნ სკრინინგის მონაცემი. გამოკვლეულია 1.84 მლნ მოზრდილი უნიკალური პირი (სამიზნე მაჩვენებლის 64,5%), რომელთაგან C ჰეპატიტზე სკრინინგით დადებითი აღმოჩნდა 147.8 ათასი პირი (სამიზნე მაჩვენებლის 68,7%), გამოვლენილია ქრონიკული ინფექციის მატარებელი 83,5 ათასი პირი (სამიზნე მაჩვენებლის 61,8%), მკურნალობაში ჩართულია 65,2 ათასი პირი (სამიზნე მაჩვენებლის 51%), ხოლო ნამკურნალებ პაციენტთა შორის განკურნების მაჩვენებელი შეადგენს 98.7%-ს“, – აღნიშნეს კონფერენციაზე.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, აღნიშნული მაჩვენებლებით, საქართველო C ჰეპატიტის ელიმინაციის გზაზე, მსოფლიოში არის ერთ-ერთი უპირობო ლიდერი.
„იმერეთის რეგიონში ჩვენი გაერთიანებით შეგვიძლია მაგალითი მივცეთ მთელს ქვეყანას და მსოფლიოს, ვუჩვენოთ მაგალითი თუ როგორ შეიძლება დავამარცხოთ C ჰეპატიტი ერთ კონკრეტულ რეგიონში და ამით არა მხოლოდ ათასობით ადამიანის სიცოცხლე ვიხსნათ, არამედ მნიშვნელოვნად გავზარდოთ ინტერესი და ცნობადობა იმერეთის რეგიონისადმი. 15 თებერვლის შეხვედრა, სწორედ ამ ახალი ინიციატივის განხილვის და ამოცანების დასახვას ემსახურება, ამოცანების, რომელთა გადაჭრაც ერთობლივად, პოლიტიკური მხარდაჭერით და ჯანდაცვის სექტორის აქტიური მუშაობით უნდა რეალიზდეს“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
კონფერენციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ცენტრის ხელმძღვანელი პირები, ასევე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების წარმომადგენლები, სოფლის ექიმები და დარგის ექსპერტები ესწრებიან.
ღონისძიებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ცენტრის ხელმძღვანელი პირები, ასევე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების წარმომადგენლები, სოფლის ექიმები და დარგის ექსპერტები ესწრებიან.