ქუთაისში კოლეგებმა ლექსო ლაშქარავას ხსოვნას პატივი მიაგეს
ქუთაისში კოლეგებმა ლექსო ლაშქარავას ხსოვნას პატივი მიაგეს

„ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ხსოვნას პატივი მიაგეს მისმა კოლეგებმა ქუთაისშიც. ჟურნალისტები და ოპერატორები მერიის შენობის წინ შეიკრიბნენ და სიმბოლურად ყვავილებით აცილებენ კოლეგას უკანასკნელ გზაზე.

აქცია მდუმარე იყო, თუმცა მისი დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებმა ხელისუფლებას ყველა დამნაშავის დასჯისკენ მოუწოდეს.

„დღეს 10 წუთის განმავლობაში გაითიშება ჩვენი ეთერი, ამით სოლიდარობას გამოვუცხადებთ ყველა ჩვენს კოლეგას, ვინც დაშავდა 5 ივლისის მოვლენების დროს და ხელისუფლებას მოვთხოვთ, დაისაჯოს ყველა ის პირი, ვინც ფიზიკურად გაუსწორდა ჟურნალისტებს; ასევე, ვინც დაგეგმა და სათავეში ჩაუდგა მედიის წარმომადგენელთა დასჯის ოპერაციას“, – განაცხადა „ტვ რიონის“ ჟურნალისტმა, სალომე ჩუბინიძემ.

ლექსო ლაშქარავას დღეს დაკრძალავენ. „ტვ პირველის“ ოპერატორის სახლთან დილიდან ხალხმრავლობაა.

გამოსვენება იოსელიანის ქუჩიდან 15:00 საათზე დაიწყება.

ლექსო ლაშქარავა ორი დღის წინ გარდაიცვალა. ის 5 ივლისს აქციაზე დაშავდა. ოპერატორს „თბილისი პარაიდის“ მოწინააღმდეგეები სასტიკად გაუსწორდნენ, როდესაც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.