ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ 83 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 15 ბავშვი და რვა ორსულია
ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ 83 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 15 ბავშვი, რვა ორსული და ერთი მელოგინეა.
„ბომონდის“ კლინიკური მენეჯერის, მაია ყიფიანის ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მისივე განცხადებით, მძიმეა აჭარის ხანდაზმულთა პანსიონატიდან შეყვანილი ხანდაზმული ქალის მდგომარეობა.
ამასთან, ყიფიანის თქმით, კორონავირუსით გარდაცვლილ 21-ე პაციენტს რამდენიმე თანმდევი ქრონიკული დაავადება ჰქონდა, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 77 წლის ქალი კოვიდის დიაგნოზით ბათუმის რეფერალური საავადმყოფოდან ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“ 20 სექტემბერს, 07:00 საათზე მძიმე მდგომარეობაში შემოიყვანეს.
„პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შემოყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ჰქონდა რთული ანამნეზი. აღენიშნებოდა გულის იშემიური დაავადება, ორმხრივი მწვავე პნევმონია, თავის ტვინის ქერქის ატროფია, დაუზუსტებელი მწვავე ინსულტი, ქრონიკული უკმარისობის მეოთხე ფუნქციური კლასი და შაქრიანი დიაბეტი. მაშინვე გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – განაცხადა მაია ყიფიანმა.