ქუთაისში, კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრი სამმა გამოჯანმრთელებულმა მოზარდმა დატოვა
ქუთაისში, კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა კიდევ მოზარდმა დატოვა. მოზარდები კლინიკიდან ბინაზე უკვე გაეწერნენ. თითოეულ მათგანს თვითიზოლაციის რეკომენდაცია მიეცა.
„სამმა პაციენტმა დატოვა კლინიკა „ბომონდი“ კლინიკური სიმპტომატიკის გარეშე. სამივე მათგანი ქუთაისის მკვიდრია. ამ დროისათვის ჩვენს სტაციონარში 14 ბავშვია მოთავსებული. თითოეულ მათგანს კორონავირუსი დადასტურებული აქვს, თუმცა უსიმპტომო პაციენტები არიან. გვყავს პაციენტები ქუთაისიდან, ქობულეთიდან, ბათუმიდან და ვანიდან. დამატებით ველოდებით კიდევ რამდენიმე პაციენტის გამოჯანმრთელებას. უკვე გაწერილ პაციენტებს ეძლევათ თვითიზოლაციის რეკომენდაცია. ასევე, აუცილებელია დაიცვან ჰიგიენა, დისტანცია და ატარონ ნიღაბი“, – ამბობს კლინიკა „ბომონდის“ პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი ედიშერ ასათიანი.
კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრში ამ დროისთვის 90-მდე პაციენტია მოთავსებული. პაციენტებს შორის არის ერთი ოჯახის რამდენიმე წევრი, ცხრა ორსული და ერთი მელოგინე.
კლინიკა „ბომონდი“ პირველმა გამოჯანმრთელებულმა, სამი წლის ბავშვმა გუშინ დატოვა.