ქუთაისში, ხანდაზმულთა პანსიონატში კორონავირუსის 13 შემთხვევა გამოვლინდა
ქუთაისში, ხანდაზმულთა პანსიონატში კორონავირუსის 13 შემთხვევა გამოვლინდა.
პანსიონატის დირექტორის მალხაზ ბადირეიშვილის ინფორმაციით, ინფიცირებულია სამი ბენეფიციარი და ათი თანამშრომელი. მისი თქმით, ისინი საჩხერის სამედიცინო ცენტრში არიან გადაყვანილი და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ბადირეიშვილის განცხადებით, პანსიონატში კორონავირუსზე რამდენიმე ადამიანის ტესტის პასუხს ელოდებიან. მისი თქმით, ინფიცირება, სავარაუდოდ, კოვიდინფიცირებული თანამშრომლისგან მოხდა, რომელსაც სიმპტომები არ ჰქონდა.
პანსიონატში კარანტინია და როგორც ბენეფიციარები, ასევე თანამშრომლები შენობაში ცხოვრობენ. პანსიონატში 98 ბენეფიციარი ჰყავთ.
საქართველოში კორონავირუსის 2 401 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 49 218 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 2 289 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 33 459. ამასთან, ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 20 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 401-ს შეადგენს.