ქუთაისში გამოკვლეული 150 ანალიზიდან კორონავირუსზე ყველა პასუხი უარყოფითია
ქუთაისის ლაბორატორიაში გასული ღამის განმავლობაში სპეციალისტებმა 150 პაციენტის ანალიზი გამოიკვლიეს და ყველა პასუხი არის უარყოფითი, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.
გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, გამოკვლეულ პირთა შორის იყვნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიისა და სათნოების სახლის თანამშრომლებიც, რომლებიც ინფიცირებული ბენეფიციარის კონტაქტები არიან, თუმცა არც ერთ შემთხვევაში „კოვიდ-19“ არ დადასტურდა.
ამასთან, გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, იმერეთის რეგიონში არსებულ საკარანტინო სივრცეებში ამ დროისთვის 399 მოქალაქე იმყოფება.