ქუთაისში, გაფრინდაშვილის ქუჩის მცხოვრებლები კომპანია SMK-ის წარმომადგენლებს წყლის მილების შეცვლის სამუშაოების გაგრძელების საშუალებას არ აძლევენ, რადგან ადგილობრივების თქმით, წყლის კომპანიამ მილები რამდენიმე წლის წინ შეცვალა, სადაც განუცხადეს, რომ ახალ მილებს 100-წლიანი გარანტია აქვს.
„ათხრიან ბეტონის საფარს, რომელსაც ძლივს ვეღირსეთ და ვერ გვეუბნებიან, როდის დააგებენ საფარს ახლიდან. ვფიქრობთ, რომ კომპანია და ხელისუფლება ფულს ათეთრებს და ამ დროს ვზარალდებით ჩვენ, უბრალო მოქალაქეები“, – განაცხადა პირველ არხთან გაფრინდაშვლის ქუჩის მცხოვრებმა ეკატერინე ასკურავამ.
აქციას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები შეუერთდნენ.
საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ გიგა შუშანია ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და წყლის კომპანიას კორუმპირებულობაში ადანაშაულებს და აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიების თხოვნით პროკურატურას უახლოეს დღეებში მიმართავს.
გზის გადათხრისა და წყლის მილების შეცვლის სამუშაოები ამ დროისთვის შეწყვეტილია.