ქუთაისში ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნისა და განვითარების პროექტის საველე-აღწერითი სამუშაოები იწყება
ქუთაისში ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნისა და განვითარების პროექტის საველე-აღწერითი სამუშაოები იწყება

ქუთაისში ნავიგაციის პროექტის ფარგლებში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საველე-აღწერით სამუშაოებს იწყებს, – ამის შესახებ ინფორმაციას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საველე ოპერატორები ქუთაისში საზოგადოებრივი მნიშვნელობის ყველა გეოგრაფიული მონაცემს აღწერენ, მათ შორის: გზათა ქსელს, ტრანსპორტის მარშრუტებს, საგზაო მოძრაობის მარეგულირებელ ნიშნებს, გადასასვლელებს, ველო ტერმინალებს, ბენზინგასამართ სადგურებს, კულტურული, რეკრეაციული და ტურისტული თვალსაზრისით მნიშვნელოვან ობიექტებს.

აღწერილი მონაცემების ვიზუალიზაციისთვის თანდართული იქნება შესაბამისი ფოტომასალა.

საჯარო რეესტრის ინფორმაციით, საველე-საინვენტარიზაციო სამუშაოების შედეგად მიღებულ გეოგრაფიულ მონაცემებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაამუშავებს და ეროვნული სანავიგაციო სისტემის შესაქმნელად გამოიყენებს.

ამას გარდა, სააგენტო ინფორმაციას მსოფლიო ლიდერ სანავიგაციო კომპანიებსაც (TomTom, Google) მიაწვდის, რომლებიც მონაცემებს თავიანთ პროდუქტებში: ელექტრონული რუკების მობილურ და ვებაპლიკაციებში, ავტომობილების ბორტკომპიუტერებსა და სხვა სანავიგაციო სისტემებში ასახავენ.

სანავიგაციო სისტემებსა და ციფრულ რუკებზე გამოსახული ინტერესის ობიექტები ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისთვის გაცილებით ცნობადი და იოლად მოსაძებნი გახდება, რაც ქვეყნის პოპულარიზაციას, ტურიზმის განვითარებასა და ადგილობრივ ბიზნესს შეუწყობს ხელს, ვინაიდან, ეროვნული სანავიგაციო სისტემა ნებისმიერ მომხმარებელს გაუადვილებს ინფორმაციის მოძიებას, ადგილმდებარეობის იდენტიფიცირებასა და დანიშნულების ადგილამდე მისასვლელი ოპტიმალური მარშრუტის შერჩევას.