საქართველოში ჩინეთის ელჩი აცხადებს, რომ ქუთაისში ჩინური წარმოების ავტომობილების ბაზრობის მოწყობა იგეგმება, – ამის შესახებ ჭოუ ციენმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ინვესტიციებისადმი ჩინური კომპანიების დიდი დაინტერესებაა.
„ფიქრობენ, რომ საქართველოში ინვესტიცია უსაფრთხოა, მომგებიანია და თავადაც ხედავთ, რომ უამრავია პროექტია განხორციელებული საქართველოში ჩინური კომპანიების მიერ, იქნება ეს რკინიგზებზე, მაგისტრალებზე თუ სხვა პროექტებზე მუშაობა.
ასევე, მინდა, ხაზი გავუსვა, რომ შუა დერეფანი ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყებაა ჩინეთისთვის. სი ძინპინმაც ახსენა, რომ შუა დერეფანი და „ერთი გზა – ერთი სარტყელი“ ერთმანეთთან იქნება დაკავშირებული და უფრო მეტ სარგებელს მოიტანს ჩვენი ქვეყნებისთვის. ბევრი ჩინური კომპანიაა დაინტერესებული. იგეგმება, რომ საქართველოში ავტომობილების ბაზრობა მოეწყოს. ბაზრობა შეიძლება, ქუთაისში განთავსდეს. ვფიქრობ, მალე იქნება. ჯერჯერობით ზუსტი თარიღი არ ვიცით. წესით, მიმდინარე წელს უნდა იყოს. კიდევ მრავალი გეგმა და ინვესტიცია არსებობს სხვადასხვა ჩინური კომპანიის მხრიდან, რომლებიც საქართველოში ინვესტიციით არიან დაინტერესებული“, – განაცხადა ჭოუ ციენმა.