ქუთაისში 70 წელს გადაცილებული მარტოხელა ადამიანებისთვის პროდუქტები გროვდება
ქუთაისში 70 წელს გადაცილებული მარტოხელა ადამიანებისთვის აუცილებელი საკვები პროდუქტები გროვდება. აქციაში ქალაქში მოქმედი კერძო კომპანიები ჩაერთნენ. პროდუქტის შეგროვების ორგანიზებას მხარის გუბერნიის ადმინისტრაცია და ქალაქის მერია უწევს.
სხვადასხვა სახის პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტი სპორტის სასახლეში მაღაზიათა ქსელმა „ფემილიმ“, „ლიდერფუდმა“, „მაგნიტმა“, შპს „მზიურმა“ და შპს „არგომ“, ასევე, ბაგა-ბაღების გაერთიანებამ მიიტანეს, რომელმაც არდადეგების გამო ადრე შეძენილი ხილის და ბოსტნეულის გამოყენებაც ბაღებში ვეღარ მოასწრო.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის თქმით, 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა ადამიანებისთვის პროდუქტების დარიგება ხვალიდან დაიწყება. ამასთან, ზვიად შალამბერიძემ ყველა სახელმწიფო უწყების წარმომადგენელს არსებულ სიტუაციაში კოორდინირებული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ აღნიშნა, რომ პანდემიის პირობებში თავი დაუცველად არავინ უნდა იგრძნოს.
„ადამიანებისთვის უმნიშვნელოვანესია იმის დანახვა, რომ სახელმწიფო ზრუნავს მათზე. ამ საქმეში ხელისუფლების გვერდით დადგა კერძო სექტორიც. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქუთაისში მცხოვრებ 600-მდე მარტოხელა ხანდაზმულ ადამიანს სახლებში მივუტანოთ საკვები პროდუქტები. მადლობა მინდა ვუთხრა მაღაზიათა ქსელების მფლობელებს, რომლებმაც პროდუქტებით მოგვამარაგეს“, – განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.
მოხალისეთა გუნდის წევრები მარტოხელა მოქალაქეებს ნობათს სახლებში მიუტანენ.