ფოთში, 4 მაისს თანამედროვე ცეკვის საღამო გაიმართება. პირველად საქართველოში, ნაჩვენები იქნება ებრაული წარმოშობის ამერიკელი ქორეოგრაფის, ბარაკ მარშალის სპექტაკლი „მამალი“ და ბრონისლავა ნიჟინსკას „ქორწილის“ ანჟელენ პრელჟოკაჟისეული ინტერპრეტაცია. მაყურებელი ასევე შეხვდება თანამედროვე ცეკვის მკვლევარ ხათუნა მზარელუას.
„მამალი” არის სიუზან დელლალის ცენტრისა და ისრაელის ოპერის ერთობლივი ნამუშევარი, რომლის პრემიერა 2009 წლის 12 ნოემბერს, თელ–ავივის ოპერაში გაიმართა. მას საფუძვლად დაედო ისააკ ლოებ პერეტზის მოთხრობა „მდუმარე ბონტშა“.
აუდიტორია ბარაკ მარშალის ცეკვა–თეატრს „ჟენევის ახალგაზრდული ბალეტის“ შესრულებით იხილავს. „მამალი“ მოგვითხრობს უიღბლო ახალგაზრდა კაცის ერთი ღამის სიზმრებზე, რომლებიც სავსეა სევდიანი და მხიარული თავგადასავლებით. მარშალი გვეპატიჟება დამატყვევებელ, ძლიერ და ჯადოსნურ, ენერგიულ და დელიკატურ, ფერად და იუმორით სავსე ცეკვაზე.
,,ქორწილის” პრემიერა 1923 წლის 13 ივნისს, პარიზში შედგა, სერგეი დიაგილევის საბალეტო დასის მოცეკვავეების მონაწილეობით. მისი ქორეოგრაფია ეკუთვნის ბრონისლავა ნიჟინსკას, მუსიკა და ლიბრეტო კი – იგორ სტრავინსკის.
პრელჟოკაჟმა, 1989 წელს, „ქორწილის“ თანამედროვე ვერსია შემოგვთავაზა, რომელშიც ქალებისა და ვაჟების ცეკვა, სიმძაფრითა და მომნუსხველობით, შეიძლება ძველ ბერძნულ ქოროს შევადაროთ.
„ვეჭვობ, რომ ამ ბალეტის გაგება სხვა ეროვნების ადამიანმა ზედმიწევნით შეძლოს“, წერდა თავის „დიალოგებში“ რუსი იგორ სტრავინსკი.
საღამოს იდეის ავტორი და წამყვანი ხათუნა მზარელუა ხელოვნების სფეროში მოღვაწე ჟურნალისტი და თანამედროვე ევროპული ცეკვის მკვლევარია. ხათუნა მზარელუა მჭიდროდ თანამშრომლობდა პრესტიჟულ ჟურნალ „ამარტასთან“, სადაც შექმნა ცეკვასთან დაკავშირებული რუბრიკა.
ამ რუბრიკის ფარგლებში იბეჭდებოდა მისი ინტერვიუები დასავლეთ ევროპის წამყვან ქორეოგრაფებთან და მოცეკვავეებთან.
იგი აგრძელებს თანამედროვე ცეკვის მიმართულებით მუშაობას და ამჟამად თანამშრომლობს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ჟურნალ „არაბესკთან“.
2011 წელს ხათუნა მზარელუამ დაიწყო საჯარო ლექციების ციკლი თემაზე – „ერთი და მრავალსახოვანი ევროპა XX საუკუნისა და XXI საუკუნის დასაწყისის ცეკვის ფონზე“, რომლის პარტნიორები გახდნენ საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ევროპის სახლი საქართველოში’’.