ქუთაისსა და რომს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა განახლდება
ქუთაისსა და რომს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა განახლდება

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 28 მარტიდან ქუთაისსა და რომს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა განახლდება.

„რეისებს კვირაში ერთი სიხშირით ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz air შეასრულებს.​ პანდემიამდე არსებული ევროპული მიმართულებების დამატებასა და სიხშირეების ზრდაზეავიაკომპანიასთან კონსულტაციები მუდმივად მიმდინარეობს.

ასევე, სასიამოვნო სიახლეა, რომ საქართველოს მოქალაქეებს, იტალიაში გამგზავრება უკვე ტურისტული მიზნებითაც შეეძლებათ. საქართველოდან მიმავალმა მგზავრმა იტალიის ტერიტორიაზე შესვლისას (გარდა უვიზო მიმოსვლის პირობებით გათვალისწინებული დოკუმენტაციისა) უნდა წარადგინოს მგზავრის ლოკატორის ფორმა (PLF) https://app.euplf.eu/#/, კოვიდ-პასპორტი, გამოჯანმრთელების მოწმობა ან მოლეკულური ან ანტიგენის ნეგატიური ტესტის სერთიფიკატი“, – აღნიშნულია აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ Wizz Air-თან კონსულტაციების შედეგად ავიაკომპანია რომსა და ქუთაისს შორის საჰაერო მიმოსვლას ზაფხულის სანავიგაციო სეზონის დასაწყისშივე აღადგენს. პირველ ეტაპზე, ერთი სიხშირით, თუმცა ზაფხულის ტურისტულად აქტიურ სეზონზე სიხშირეების რიცხვი, დიდი ალბათობით, გაიზრდება. ამ ეტაპზე, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან პირდაპირი გზით იტალიის ორ ქალაქში მილანსა და რომში იქნება მოხვედრა შესაძლებელი“, – განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა, თამარ არჩუაძემ.

ამ ეტაპზე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან Wizz Air პირდაპირ რეგულარულ რეისებს ევროპის 11 ქვეყნის 19 მიმართულებით ასრულებს.