28 სექტემბრიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია „ვიზეარი“ კრაკოვის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს აღადგენს.
როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მოწვევით, საქართველოში „ვიზეარის“ ტოპ-მენეჯმენტის სამუშაო ვიზიტისას მიიღეს.
მათივე ცნობით, კრაკოვი-ქუთაისი-კრაკოვის საჰაერო ხაზზე ფრენები კვირაში ორჯერ სიხშირით შესრულდება, ხოლო ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების მიხედვით, სიხშირეების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, პანდემიამდე არსებული ევროპული მიმართულებების დამატებაზე, უნგრულ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „ვიზეართან“ კონსულტაციები მუდმივად მიმდინარეობს.
„ნაყოფიერი გამოდგა საქართველოში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის – „ვიზეარის“ ვიზიტი. ჩვენთან შეხვედრებისა და კონსულტაციების შედეგად, სულ ცოტა ხანში კომპანიის მენეჯმენტმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ კრაკოვსა და ქუთაისს შორის პირდაპირი რეგულარული მიმოსვლა აღადგინოს. ამ ეტაპზე, „ვიზეარი“ დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან პირდაპირ რეგულარულ რეისებს 9 ქვეყნის 14 მიმართულებით ასრულებს.
რეგულარული ავიამიმოსვლის განახლებიდან, „ვიზეარმა“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 80 ათასზე მეტი მგზავრი გადაიყვანა. გვაქვს მოლოდინი, რომ ზამთრის სანავიგაციო სეზონზე, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნების ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებებითაც აღადგენს ფრენებს“, – განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ.
ამასთან, „ვიზეარის“ გადაწყვეტილება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით კიდევ ერთი რეგულარული რეისის დანიშვნის შესახებ შეაფასა კონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.
„ჩვენს სტრატეგიულ ავიაკომპანია „ვიზეართან“ შედეგიანი მოლაპარაკებისა და მათი მენეჯმენტის ასევე წარმატებული ვიზიტის შემდეგ საქართველოში, მოხარული ვართ, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განახლდება პირდაპირი ფრენები კრაკოვის მიმართულებით. ეს მნიშვნელოვანია „კოვიდ“-პანდემიიდან გამომდინარე. ჩვენ ვაგრძელებთ ტურიზმისა და ავიაციის სექტორის გაძლიერებას, სწრაფ აღდგენას“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, პოლონეთთან დამატებით კიდევ ერთი პირდაპირი რეისის დანიშვნა ხელს შეუწყობს ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებას.
„პოლონეთი, ტრადიციულად, მნიშვნელოვანი და ძლიერი ტურისტული მიმართულებაა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ვემზადებით შემოდგომისა და ზამთრის ტურისტული სეზონების სათანადო დონეზე წარმართვისთვის და ამ თვალსაზრისით, კიდევ ერთი რეგულარული რეისის დანიშვნა ევროპიდან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქუთაისისა და იმერეთის მხარისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ავიაკომპანია „ვიზეარი“ საქართველოში ფრენების სიხშირეს ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების შესაბამისად, ეტაპობრივად ზრდის. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, პანდემიამდე არსებული ევროპული მიმართულებების დამატებაზე, ავიაკომპანია „ვიზეართან“ კონსულტაციები მუდმივად მიმდინარეობს.
ქალაქი კრაკოვი პოლონეთის რიგით მეხუთე მიმართულებაა, სადაც მოხვედრა 28 სექტემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გახდება შესაძლებელი. ამ ეტაპზე, ქუთაისიდან პირდაპირი რეისები ვარშავის, გდანსკის, ვროცლავისა და კატოვიცეს მიმართულებით სრულდება.