ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში სტუდენტების მიღება 2019 წლის სექტემბერში დაიწყება
ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში სტუდენტების მიღება 2019 წლის სექტემბერში დაიწყება

ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში სტუდენტების მიღება 2019 წლის სექტემბერში დაიწყება, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატმა, მიხელ ჩხენკელმა პარლამენტის განათლების, სპორტისა და ჯანდაცვის კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე განაცხადა.

როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, პროგრამის ხელმძღვანელები მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში იმყოფებიან, სადაც ხდება პროგრამების საბოლოო ვარიანტის შეჯერება.

„ქუთაისის უნივერსიტეტზე მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს. ჩვენი პროგრამის ხელმძღვანელები იმყოფებიან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც ხდება პროგრამების საბოლოო ვარიანტის შეჯერება გერმანელ პროფესორებთან ერთად. გეგმა არის ასეთ, რომ 2019 წელს სექტემბერში განხორციელდება პირველი მიღება სტუდენტების, ტექნიკური დარგებით დავიწყებთ. მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერება იქნება წამყვანი, ასევე მეცნიერების მენეჯმენტის კუთხითაც მივიღებთ სტუდენტებს”, – განაცხადა ჩხენკელმა.

მისივე თქმით, რაც შეეხება უნივერსიტეტის პროფილს, ეს იქნება სრული უნივერსალური და არ იქნება მხოლოდ ტექნიკური.

„დროთა განმავლობაში, უკვე მივიღებთ სტუდენტებს ყველა სპეციალობაზე. მთავარი არის, რომ მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტით და სხვა უცხოელი კოლეგების, წამყვანი პროფესორების ჩართულობით მივაღწევთ, რომ ქუთაისში გვექნება მსოფლიო დონის უნივერსიტეტი. რეგიონში ლიდერი უნივერსიტეტი”, – განაცხადა ჩხენკელმა.

ამასთან, განათლების მინისტრობის კანდიდატმა განათლების ფინურ მოდელზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფინური მოდელის მთლიანი კოპირება არ მოხდება.

„ჩვენი სისტემა დაფუძნებული იქნება ეროვნულ სისტემაზე, ჩვენს ტრადიციებზე. აქ საუბარია ფინური საგანმანათლებლო სისტემის დანერგვა. ფინურს იმიტომ ვახსენებ, რომ ის წამყვანი სისტემაა მსოფლიოში. გამოვყოფდი კომპლექსურ მიდგომას საწყის კლასებში, საბაზო განათლების მიმართ. თითოეული ფენომენი ფინეთში განიხილება სხვადასხვა მიმართულებით. მაგალითად, ერთი მოვლენა შესწავლილია იქ, როგორც ტექნიკური მიმართულებით, ჰუმანიტარული მიმართულებით, რაც სტუდენტებს შემოქმედებით აზროვნებას უვითარებს. მასწავლებლების კვალიფიკაციების საკითხები, ეს არის ის მიმდინარეობები ფინეთში, რამაც რეალურად განაპირობა ფინური სისტემის წარმატება. სწორედ ამ ელემენტების დანერგვას ითვალისწინებს ჩვენი იდეა. ვიყავით ფინეთში, ფინეთის განათლების მინისტრთან რამდენიმე შეხვედრა მქონდა. ვაკეთებთ იდენტიფიკაციას იმ მიმართულებების, რომელიც ჩაჯდება ჩვენს გეგმაში და საზღვაო სისტემის ხარისხს გააუმჯობესებს”, – განაცხადა ჩხენკელმა.