ქუთაისის შემოვლითი გზა ორმხრივად გაიხსნა.
გარკვეული პერიოდის განავლობაში ავტომაგისტრალზე ტრანსპორტის მოძრაობა მხოლოდ ცალმხრივად იყო შესაძლებელი.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე კი, დღეიდან სატრანსპორტო საშუალებები ორმხრივად იმოძრავებენ.
კერძოდ, გზა ორმხრივად გაიხსნა, რათა ქუთაისის ჩაკეტილ ქალაქად გამოცხადების გამო, გადაადგილდნენ სატრანზიტო და სადისტრიბუციო ავტომანქანები, აგრეთვე ის მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრაციის მიხედვით საკუთარ საცხოვრებელ ადგილებს უბრუნდებიან.
ამ დროისთვის ქალაქის მიმართულებით ავტომანქანების გადაადგილება შემცირებულია, მოძრაობენ მხოლოდ სადისტრიბუციო ავტომობილები და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების თანამშრომლები, რომლებიც ქუთაისში არ ცხოვრობენ.
ქუთაისში 9 ძირითადი საგუშაგო მოქმედებს. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი ქუთაისში მოწყობილ საგუშაგოებზე დილით იმყოფებოდნენ.
ისინი პირადად გაეცნენ შეზღუდვების დაწესების შემდეგ არსებულ ვითარებას და საგუშაგოებზე მყოფ ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს გაესაუბრნენ.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წლის 15 აპრილის 21:00 საათიდან თბილისი, რუსთავი, ქუთაისი და ბათუმი ათი დღით დაიკეტა.