ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრები გაიმართა
ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის განვითარების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, უნივერსიტეტის მმართველი საბჭოსა და მთავარ პარტნიორ საგანმანათლებლო ორგანიზაცია – მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TUM international) წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრები გაიმართა,
მხარეებმა 2019 წლის აკადემიური პროგრამები დაამტკიცეს და უნივერსიტეტის აკადემიური განვითარების გეგმა, ადმინისტრაციული მოწყობის სისტემა, აკადემიური პერსონალის შერჩევის წესი, უნივერსიტეტში ჩაბარების მსურველთათვის განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნები, კლასტერ-ჰაბების განვითარების სისტემა და ინფრასტრუქტურული მოწყობის საკითხები განიხილეს.
ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელსა და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შორის, სადაც გაწეული სამუშაოს ანგარიშზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე იმსჯელეს.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსი, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ჰაბს წარმოადგენს, რომელიც კავკასიის რეგიონში სამეცნიერო და სასწავლო სერვისების წამყვანი პროვაიდერი გახდება.