ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ ნანა კოსტავა პარტია „კონსერვატორებიდანაც“ გარიცხონ
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარია არ გამორიცხავს, რომ ნანა კოსტავა პარტია „კონსერვატორებიდანაც“ გარიცხონ.
ლატარიას თქმით, აღნიშნულის შესახებ ის უკვე ესაუბრა პარტიის ლიდერს, ზვიად ძიძიგურს.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე კიდევ ერთხელ გმობს ნანა კოსტავას მხრიდან სიძულვილის ენის ტირაჟირებას და დეპუტატს საკრებულოს დატოვებისკენ მოუწოდებს.
„კიდევ ერთხელ ვგმობ ნანა კოსტავას განცხადებას, რომელმაც საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია, მის ამ განცხადებას ემიჯნება გუნდიც. საკრებულოს რა ბერკეტიც გვქონდა, მან დატოვა ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობა, ასევე დაატოვებინეს გენდერული საბჭო, სხვა ბერკეტი ჩვენ არ გვაქვს. მე და ზვიად ძიძიგურს არაერთხელ გვქონდა აღნიშნულის შესახებ საუბარი, მოხდება მსჯელობა ამ საკითხზე. გაირიცხება თუ არა კოსტავა პარტიიდან, ამაზე პარტიის ლიდერები იმსჯელებენ“, – განაცხადა ნიკოლოზ ლატარიამ.
ნანა კოსტავამ ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარის თანამდებობა 31 მაისს დატოვა. იმავე დღეს განაცხადა, რომ ორშაბათს, 3 ივნისს საკრებულოდან წასვლაზე განცხადებას დაწერდა. თუმცა, 3 ივნისს სატალეფონო კომენტარისას განაცხადა, რომ სავარაუდოდ, საკრებულოს აღარ დატოვებს.