ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხელისუფლებას „თეთრი ხიდის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების უხარისხოდ შესრულებაში ადანაშაულებს
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხელისუფლებას „თეთრი ხიდის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების უხარისხოდ შესრულებაში ადანაშაულებს

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხელისუფლებას ქუთაისის „თეთრი ხიდის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების უხარისხოდ შესრულებაში ადანაშაულებს.

გიგა შუშანიამ ხიდზე სპეციალური ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ნახევარი მილიონი ლარი ბიუჯეტიდან ქუთაისის მერიამ წყალში გადაყარა.

„ეს არის უხარისხოდ შესრულებული სამუშაო, ხიდის ზედაპირი არის არამდგრადი, რაც შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს. მერიასა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შორის მიმდინარეობდა ფარული მოლაპარაკებები, ვინაიდან კომპანიამ ვერ შეძლო და პროექტით გათვალისწინებული იერსახე ვერ მისცა ხიდს, ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ადგილი ჰქონოდა კორუფციულ გარიგებას“, – განაცხადა შუშანიამ.

ბრალდებას პროექტის ავტორი გამოეხმაურა. არქიტექტორ გია ხუჯაძის თქმით, ხიდი უსაფრთხოა.

ხიდის რეაბილიტაციის პროექტი ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „ალმა რუს საქართველომ“ შეასრულა. სამუშაოებისთვის 436 ათასი ლარი დაიხარჯა. ხიდი ორი დღის წინ გაიხსნა.