ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი გაიხსნა
კონფერენციის „საქართველოს სრული ჩართულობა პროგრამაში Horizon Europe“ ფარგლებში, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა გახსნა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი გაიხსნა.
როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, 3 მარტს საქართველოს პრემიერ- მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერით, საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი ოფიციალურად წარადგინა, რაც უმნიშვნელოვანესი ეტაპია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე და ეს პროცესი საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნებით დაგვირგვინდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობით, საქართველო ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალი ჩარჩო პროგრამის, Horizon Europe-ის წევრი გახდა და საქართველოში Horizon Europe-ის ეროვნული ოფისი დაფუძნდა. მინისტრის თქმით, შესაბამისად, ეს მოვლენა არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით.
მინისტრის თქმით, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ამ შეთანხმების საფუძველზე Horizon Europe-ის პროგრამის კონკურსებში საქართველოს წარმომადგენლები ისარგებლებენ ზუსტად ისეთივე პირობებითა და უფლებებით, როგორითაც ევროკავშირის ქვეყნების სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლები სარგებლობენ. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში მეცნიერების განვითარების კუთხით უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრი, რომლის განსავითარებლად ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.
მიხეილ ჩხენკელის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე. ადრონული თერაპიის ცენტრიც მთლიანად ფონდი „ქართუს“ მიერ არის დაფინანსებული. ცენტრში განთავსდება ორი ციკლოტრონი, რომელთა დამზადება მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში (IBA) მიმდინარეობს. ადრონული თერაპიის ცენტრის ერთი ციკლოტრონი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას, მეორე კი განკუთვნილი იქნება სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში. არაერთმა ცნობილმა უცხოელმა მეცნიერმა უკვე გამოთქვა სურვილი, ქართველ კოლეგებთან ერთად ჩაერთოს კვლევით პროცესში.
მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა, რომ ადრონული თერაპიის ცენტრის საკვლევი თემატიკა ზუსტად ეხმიანება Horizon Europe-ის 2030 წლის მიზნებს, რომლის პრიორიტეტი სწორედ სიმსივნურ დაავადებებთან ბრძოლის მიმართულების პროექტების დაფინანსება წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად მუშაობს ევროკავშირის ახალი ჩარჩო პროგრამის Horizon Europe-ის საგრანტო კონკურსებში საქართველოს უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების წარმატების მაჩვენებლის გასაუმჯობესებლად. ამ მიმართულებით არაერთი ნაბიჯი უკვე გადაიდგა – დაწყებულია საუნივერსიტეტო სამეცნიერო საგრანტო ოფისების ქსელის შექმნა, რომელიც ეტაპობრივად ყველა უნივერსიტეტს მოიცავს.
Horizon Europe-ის საგრანტო ოფისები უკვე მოეწყო საჯარო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქუთაისის აკაკი წერეთლის, ბათუმის, სამცხე-ჯავახეთის, ზუგდიდისა და თელავის უნივერსიტეტებში. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საგრანტო ოფისები კი უკვე გაიხსნა. გარდა ამისა, განახლდა და გაძლიერდა Horizon Europe-ის ადგილობრივი საკონტაქტო პირების ქსელი მიმართულებების მიხედვით. საგრანტო ოფისების ფუნქცია იქნება ქართველ მკვლევართა ჯგუფების დახმარება კონკურენტუნარიანი საპროექტო განაცხადების მომზადებასა და შემდგომში მის მართვაში.
ინფორმაციას განათლების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.