ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ადრონული თერაპიის ცენტრის საპროექტო სამუშაოები დაიწყო
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ადრონული თერაპიის ცენტრის საპროექტო სამუშაოები დაიწყო. ინფორმაციას უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, პროექტს მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი არქიტექტურული ბიურო, ესპანური IDOM გუნდი ახორციელებს. ამ საკითხთან დაკავშირებით, ხვალ და ზეგ კომპანიის წარმომადგენლები უნივერსიტეტის კამპუსს ეწვევიან. საქართველოში ასევე იმყოფებიან და აღნიშნულ პროექტში იღებენ მონაწილეობას სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის მეშვეობით სამკურნალო საშუალებების წამყვანი კომპანია IBA (ბელგია) გუნდები.
„ადრონული თერაპიის ცენტრის გახსნა უნივერსიტეტში 2024 წლისთვის არის დაგეგმილი, პროექტს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ აფინანსებს და ახორციელებს.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) 2020 წელს გაიხსნა და სტუდენტების პირველი ნაკადი მიიღო. უნივერსიტეტის მიზანია, ეტაპობრივად გახდეს საერთაშორისო კვლევისა და განათლების ერთ-ერთი წამყვანი ცენტრი რეგიონში. უნივერსიტეტის ლაბორატორიების ბაზაზე მოხდება საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების განვითარება KIU-ში შესაბამისი დარგის მეცნიერებისა და წამყვანი ექსპერტების მოზიდვის გზით.
KIU-ს სტრატეგიული განვითარების გეგმა ითვალისწინებს ადრონული თერაპიის ცენტრის შექმნასაც. აღნიშნულ კვლევით ცენტრში შესაძლებელი იქნება სამეცნიერო კვლევების განხორციელება ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში, რადიაციულ ფიზიკაში და ბიოფიზიკაში. კვლევითი ცენტრი ასევე ხელს შეუწყობს პროტონული თერაპიის ცენტრის ჩამოყალიბებას, KIU-ს მედიცინის ფაკულტეტთან ერთად.
უნივერსიტეტი თანამშრომლობს ევროპის წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან – მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM).
2020 წლის დასაწყისში სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის მეშვეობით სამკურნალო საშუალებების მსოფლიოს წამყვან კომპანია IBA-სა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას საქართველოში პროტონული თერაპიის პირველი ცენტრის შესაქმნელად. პროექტს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუ“ დაახლოებით 40 მილიონი ევროს გრანტით აფინანსებს.
ხელშეკრულება მოიცავს კლინიკურ დანადგარ Proteus®ONE-ს და დამატებით ციკლოტრონის დამზადებას, რომელიც სამეცნიერო კვლევებს მოხმარდება. პროტონული თერაპიის ცენტრი ქუთაისის ახალი საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსზე დამონტაჟდება“, – აღნიშნულია უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.