ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს საქართველოში იაპონიის ელჩი იმამურა აკირა სტუმრობს
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იმამურა აკირა სტუმრობს.
ელჩი უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას შეხვდა და სტუდენტებს წაუკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „იაპონია ომის შემდეგ – წარმატებები და გამოწვევები“, ასევე, ელჩმა დაათვალიერა საუნივერსიტეტო ქალაქი.
მიმდინარე კვირიდან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა აუდიტორიებში სასწავლო პროცესი განაახლა. უნივერსიტეტში დაცულია უსაფრთხოების ზომები და სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით, ისწავლონ და იცხოვრონ კამპუსზე.
„ამჟამად, უნივერსიტეტში სწავლება სამ ინგლისურენოვან პროგრამაზე – მენეჯმენტი, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერებები მიმდინარეობს.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2021-2022 აკადემიური სასწავლო წლისთვის სტუდენტების ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება. მიმდინარე გაზაფხულზე აბიტურიენტებისთვის დაგეგმილია ღია კარის დღეები. ასევე, მშობლებისა და აბიტურიენტებისთვის რეგულარულად ტარდება საინფორმაციო შეხვედრები.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური უნივერსიტეტია, რომელიც ქართველ და უცხოელ სტუდენტებს უნიკალურ კამპუსს, ინფრასტრუქტურასა და სასწავლო პროგრამებს სთავაზობს. სტუდენტებს საშუალება აქვთ, იცხოვრონ და ისწავლონ კეთილმოწყობილ საუნივერსიტეტო ქალაქში, მიიღონ ხარისხიანი უმაღლესი განათლება და ქართველ და უცხოელ პროფესორებთან ერთად, ჩაერთონ ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში. სტუდენტები, გარდა აკადემიური და სასწავლო პროცესისა, აქტიურად იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა პროფესიულ კლუბში, შიდა კონკურსსა და ოლიმპიადაში.
უნივერსიტეტი თანამშრომლობს ევროპის წამყვან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან. უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტია TUM-ის ყოფილი პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ა. ჰერმანი. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლა ინგლისურ ენაზე ხორციელდება და სტუდენტებს ქართველი და ევროპელი პროფესორ-მასწავლებლები ასწავლიან“, – ნათქვამია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.