ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე რეგიონში პირველი ადრონული თერაპიის ცენტრის დასაარსებლად „ქართუ“ ფონდმა 40 მილიონი ევროს ქველმოქმედება განახორციელა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორ ალექსანდრე თევზაძესთან, ფონდ „ქართუს“ წარმომადგენლებთან ვახტანგ ცაგარელთან და ირაკლი კაცაძესთან ერთად ლიონში (საფრანგეთში) პროტონული თერაპიის საერთაშორისო სიმპოზიუმში (ISOP 2020) მიიღო მონაწილეობა, სადაც საფრანგეთსა და ევროპის ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში, რადიაციული თერაპიის თანამედროვე მეთოდების განვითარების საკითხებზე იმსჯელეს.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მათ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტი და მისი მნიშვნელობა განიხილეს. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე რეგიონში პირველი ადრონული თერაპიის ცენტრი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო ტექნოლოგიების მწარმოებელ კომპანიასთან IBA (Ion Beam Applications S.A.) პარტნიორობით დაფუძნდება, რასაც საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ დააფინანსებს.
ადრონული თერაპიის ცენტრში ციკლოტრონის ტიპის ორი ამაჩქარებელი განთავსდება. სამეცნიერო კვლევებისათვის განკუთვნილ ციკლოტრონზე განხორციელდება თანამედროვე კვლევები ბირთვულ ექსპერიმენტულ ფიზიკაში, რადიაციულ ბიოფიზიკასა და ქიმიაში, ხოლო სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი ციკლოტრონის ბაზაზე დაარსდება პროტონული თერაპიის კლინიკა. იგეგმება, რომ საქართველო ჩაერთვება პროტონული თერაპიის ცენტრების საერთაშორისო ქსელში.
IBA-თან თანამშრომლობის ხელშეკრულება 2020 წლის 28 იანვარს შევიდა ძალაში, რაც ქუთაისის ადრონული თერაპიის ცენტრში ციკლოტრონის ტიპის ორი ამაჩქარებლის – Proteus ® ONE solution – შეძენასა და გრძელვადიანი ოპერაციული და ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფას გულისხმობს.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 40 მილიონ ევრომდეა. დანადგარები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით და სამედიცინო ცენტრებში განთავსდება. პროტონული თერაპიის კლინიკა პირველ პაციენტებს 2024 წელს მიიღებს და იქნება ერთადერთი რეგიონული მასშტაბით, სადაც ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა თანამედროვე მეთოდებით მოხდება.