საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანთან და ფონდ „ქართუს“ პროექტებისა და ოპერაციების დირექტორ ვახტანგ ცაგარელთან ერთად, ბრიუსელში გამართულ რადიაციისა და ონკოლოგიის ყოველწლიურ კონფერენციაში User Meeting 2022 მიიღო მონაწილეობა, სადაც მსოფლიოს წამყვანმა მეცნიერებმა რადიაციისა და ონკოლოგიის მიმართულებით არსებული სიახლეები წარმოადგინეს და რადიაციული თერაპიის თანამედროვე მეთოდების განვითარების საკითხებზე იმსჯელეს. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, კონფერენციის ფარგლებში, რომელიც გლობალური სამედიცინო ტექნოლოგიების მწარმოებელი საერთაშორისო ლიდერი კომპანია IBA-ის ორგანიზებით ჩატარდა, მიხეილ ჩხენკელის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციამ შეხვედრები გამართა ამერიკისა და ევროპის წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან. მათ შორის: ვაშინგტონის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან და პროტონული თერაპიის ცენტრის დირექტორთან, პროფესორ რამეშ რენგანთან, ვაშინგტონის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტის წამყვან მეცნიერთან, პროფესორ ტონი ვონგთან, მაიამის კიბოს კვლევის ინსტიტუტის რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტის სამედიცინო დირექტორთან და კლინიკური კვლევების ხელმძღვანელთან მაიკლ ჩანგთან, MGH-ის პროტონული თერაპიის ტექნიკურ დირექტორთან, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორთან ბენჯამინ კლასისთან, დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტის რადიაციული კვლევებისა და ონკოლოგიის ცენტრის დირექტორთან შტეფან პეკთან და ევროპის ონკოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო დირექტორთან, იტალიელ პროფესორთან რობერტო ორეკიასთან, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრის მრჩეველთა საბჭოს წევრია. მინისტრმა ცნობილ მეცნიერებს საქართველოს განათლების სისტემის მთავარი მეგა-პროექტის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ადრონული თერაპიის ცენტრის შესახებ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია. მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა, რომ უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე.
მიხეილ ჩხენკელის შეფასებით, უნივერსიტეტის მაღალ სტანდარტსა და ინტერნაციონალიზაციის ხარისხს განაპირობებს ის მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტულ დარგში აკადემიური პროგრამების შექმნას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით. მინისტრმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტში ამ ეტაპზე მოქმედი პროგრამები მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ანალოგს წარმოადგენს. მისი თქმით, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. მიხეილ ჩხენკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტრატეგიულ განვითარებაში დიდ როლს თამაშობს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო, რომლის შემადგენლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი და წამყვანი მეცნიერები არიან და ინდუსტრიის მრჩეველთა საბჭო, რომელიც უზრუნველყოფს აკადემიური პროგრამების შექმნის პოლიტიკას. ამასთან, უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი მსოფლიოში ცნობილი მეცნიერი, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი პრეზიდენტი პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანია. მინისტრის თქმით, ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე რეგიონში პირველი ადრონული თერაპიის ცენტრი სწორედ სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანია IBA-სთან თანამშრომლობით ფუძნდება. კომპანიამ ადრონული თერაპიის ცენტრისთვის ორი ულტრათანამედროვე ციკლოტრონი უკვე ააწყო – ერთი მთლიანად განკუთვნილი იქნება სიმსივნის მკურნალობისთვის, ხოლო მეორე სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში.
მიხეილ ჩხენკელთან გამართულ შეხვედრებზე, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტით დაინტერესდნენ წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების ცნობილი მეცნიერები და მზაობა გამოთქვეს, აქტიურად ჩაერთონ ცენტრის სამეცნიერო-კვლევით პროცესში.
IBA (Ion Beam Applications S.A.) წარმოადგენს გლობალურ სამედიცინო ტექნოლოგიების მწარმოებელ საერთაშორისო ლიდერ კომპანიას, რომელიც ავითარებს და აწარმოებს პროტონული თერაპიის დანადგარებს ონკოლოგიურ დაავადებათა სამკურნალოდ და დიაგნოსტირებისათვის. პროტონული თერაპია არის რადიაციული თერაპიის თანამედროვე სწრაფად განვითარებადი ფორმა და ის საუკეთესო სამკურნალო საშუალებას წარმოადგენს სიმსივნის მრავალი სახეობისთვის.