ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი წელს სტუდენტების პირველ ნაკადს მიიღებს
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი წელს სტუდენტებს მიიღებს. პირველ ეტაპზე 1 000 სტუდენტის მიღება იგეგმება. თავდაპირველად სწავლა სამ საგანმანათლებლო პროგრამაზე იქნება შესაძლებელი – მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერებები და მენეჯმენტი.
უნივერსიტეტში სწავლება მხოლოდ ინგლისურ ენაზე წარიმართება. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის, ალექსანდრე თევზაძის განმარტებით, ეტაპობრივად სასწავლო პროგრამას სხვადასხვა მიმართულება დაემატება.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევძლებთ უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციას. აქ იგულისხმება, რომ საქართველოს მოქალაქეები საქართველოში მიიღებენ ევროპული სტანდარტების განათლებას. ეს მათ კარიერაში მნიშვნელოვანი განვითარების საშუალებას მისცემს და იქნებიან კონკურენტუნარიანი გლობალურ ბაზარზე. იცით, რომ საქართველო არის ბოლონიის პროცესის მნიშვნელოვანი მონაწილე და უმაღლესი განათლების ევროპული განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი არის უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია. ეს არის უკვე შეთანხმებული მოდელი, რომელსც უკვე ევროპული უნივერსიტეტები ახორციელებენ. ისინი ცდილობენ, რომ დაიწყონ თანამშრომლობა უცხოეთის სხვა უნივერსიტეტებთან იმისთვის, რომ ახალგაზრდებს შესთავაზონ საერთაშორისო სტანდარტების პროგრამები. ამ მოდელით ვიმუშავებთ ჩვენც“, – განაცხადა ალექსანდრე თევზაძემ.
უნივერსიტეტის მშენებლობას სრულად ფონდი „ქართუ“ აფინანსებს და პროექტისთვის ერთი მილიარდი ევროა გამოყოფილი.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა დღეს პრეზენტაცია განათლების საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში გამართა, სადაც აბიტურიენტებს საშუალება ჰქონდათ, ქუთაისის საუნივერსიტეტო აკადემიური პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ და ბაკალავრიატის პროგრამაზე დარეგისტრირებულიყვნენ.