ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში „ვიზეარის“ მეექვსე მემილიონე მგზავრი დაასაჩუქრეს
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში „ვიზეარის“ მეექვსე მემილიონე მგზავრი დაასაჩუქრეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
„ექვსი მილიონი მგზავრი 2012 წლიდან დღემდე. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია „ვიზეარი“ გადაყვანილი მგზავრების რეკორდულ რაოდენობას აღნიშნავს. დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში „ვიზეარი“ 2012 წლიდან, ოპერირების დაწყებიდან დღემდე ექვს მილიონ მგზავრს მოემსახურა. ცოტა ხნის წინ ვენიდან ქუთაისის აეროპორტში ბორტი დაეშვა, რომელზეც „ვიზეარის“ იღბლიანი მეექვსე მემილიონე მგზავრი იმყოფებოდა. ის საქართველოს მოქალაქე, 19 წლის სტუდენტი ანა მაჭავარიანი აღმოჩნდა“, – ნათქვამია აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციაში.
ავიაკომპანიის მეექვსე მემილიონე მგზავრს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ სიმბოლური საჩუქარი – ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ბრინჯაოს მაკეტი გადასცა. მგზავრმა ავიაკომპანიის წარმომადგენლებისგან 200 ევროს ღირებულების ვაუჩერი მიიღო, რომლითაც გაფრენას ერთი წლის განმავლობაში ნებისმიერი მიმართულებით შეძლებს.
„დღეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მოემსახურა და მიიღო „ვიზეარის“ მეექვსე მემილიონე მგზავრი მას შემდეგ, რაც ავიაკომპანიამ საქართველოში ოპერირება დაიწყო. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ „ვიზეარი“ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ძირითადი მოთამაშე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. უკვე ექვსი მილიონი მგზავრის მომსახურება დასტურია იმისა, რომ ისინი სტაბილურად არიან წარმოდგენილი ჩვენს ბაზარზე. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს და თანამშრომლობას აღნიშნულ კომპანიასთან, რათა კიდევ მეტი მიმართულება დაემატოს, მეტი ბაზირებული საჰაერო ხომალდი გვყავდეს“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
ქარქაშაძის თქმით, წლევანდელი წელი განსაკუთრებულია, რადგან ბოლო პერიოდში მგზავრთნაკადის მიმართულებით ახალი რეკორდები ფიქსირდება.
„უკვე აგვისტოში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი გადასცდა მილიონ მგზავრს. გვაქვს ვარაუდი, რომ მილიონზე ოდნავ ნაკლები მგზავრი გვეყოლება ჭრილში. შესაბამისად, მგზავრთნაკადთან ერთად, ვავითარებთ ინფრასტრუქტურას და უახლოეს პერიოდში დავიწყებთ ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობას. რამდენიმე ასული მილიონის ინვესტიციაზეა საუბარი. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი და, ზოგადად, ქართული ავიაცია ახალ ეტაპზე გადადის. სრულიად აღვადგინეთ კოვიდამდელი პერიოდის მონაცემები. კიდევ მეტი ახალი მიმართულება და ახალი ავიაკომპანიის მოლოდინი გაქვს, რასაც ეტაპობრივად დავაანონსებთ“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
როგორც აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, „ვიზეარი“ 2018 წლიდან ლიდერობს საქართველოს საავიაციო ბაზარზე და 2024 წელსაც ბაზრის ლიდერია.
„დეკემბრიდან ავიაკომპანიამ დაამატა მეოთხე ბაზირებული ხომალდი ქუთაისში. ამჟამად „ვიზეარი“ ქუთაისიდან 15 ქვეყანაში, 24 მიმართულებით დაფრინავს. ექვსი მლნ მგზავრი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში – ეს მიღწევა ასახავს არა მხოლოდ „ვიზეარის“ მიერ მოგზაურებისთვის ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი მგზავრობის უზრუნველყოფას, არამედ ხაზს უსვამს ქუთაისის აეროპორტის, როგორც უმნიშვნელოვანესი რეგიონული სატრანსპორტო ჰაბის გამორჩეულ ზრდასა და ცნობადობას“, – აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში.