ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სრულმასშტაბიანი გეგმური სწავლება გაიმართა
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში სრულმასშტაბიანი გეგმური სწავლება გაიმართა. აეროპორტების გაერთიანების ცნობით, სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესაბამისმა სამსახურებმა; საქაერონავიგაციის იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს, ქუთაისის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების რეგიონული ცენტრის წარმომადგენლებმა. იმიტირებული სცენარის მიხედვით, ქუთაისის აეროპორტში თვითმფრინავი ავარიულად ეშვება, რის შემდეგაც აეროპორტში ცხადდება საერთო განგაში და იკრიბება საავარიო-ოპერატიული ცენტრი, რომელიც მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის და ხელმძღვანელობს საავარიო სამაშველო მოქმედებს.
პრაქტიკული სწავლების დასრულების შემდეგ, ყველა მონაწილე ორგანიზაციის ჩართულობით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების უსაფრთხოებისა და ხარისხის მენეჯერმა თემურ ჩილინდრიშვილმა შემაჯამებელი შეხვედრა გამართა, სადაც მონაწილეებმა სწავლების შედეგები გააანალიზეს.
„სრულმასშტაბიანი სწავლებები საქართველოს აეროპორტებში პერიოდულად, ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. სწავლების მიზანია აეროპორტში საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში მონაწილე ორგანიზაციებისა და სამსახურების რეაგირების დროის დადგენა, ასევე, საგანგებო სიტუაციებში მოქმედების გეგმით გათვალისწინებული პროცედურების კოორდინირებულად და ეფექტიანად წარმართვა“, – განაცხადა თემურ ჩილინდრიშვილმა.
აეროპორტების გაერთიანების ცნობით, ფართომასშტაბიანი გეგმური სწავლებისას ყველა შესაბამისი სამსახური სცენარის მიხედვით მოქმედებდა და საერთაშორისო სტანდარტი სწავლებისას მაქსიმალურად იყო დაცული. მომდევნო სწავლება უახლოეს მომავალში მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტში გაიმართება.