ქუთაისის N2 დაწესებულებაში პატიმარი, ისრაელის მოქალაქე მამაკაცი გარდაიცვალა
ქუთაისის N2 დაწესებულებაში პატიმარი, ისრაელის მოქალაქე მამაკაცი გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახური ინფორმაციას ავრცელებს.
„1958 წელს დაბადებული, ისრაელის მოქალაქე მ. მ. ისრაელის სახელმწიფოს შუამდგომლობით რამდენიმე დღის წინ ქართულმა პოლიციამ დააკავა. დაკავების შედეგად დაიწყო საექსტრადიციო პროცედურები. მ.მ.-ს ისრაელში გაუპატიურების საქმეზე ბრალი ჰქონდა წაყენებული. N2 დაწესებულებაში იგი 2019 წლის 03 აგვისტოს მოათავსეს. მ.მ. ორ თანამესაკნესთან ერთად იმყოფებოდა ვიზუალური და ელექტრონული მეთვალყურეობის ქვეშ. დაწესებულებაში მოთავსების დროს ბრალდებულს გაეწია მორიგე ექიმის კონსულტაცია. ექიმის ჩანაწერის თანახმად, ბრალდებულს ობიექტურად რაიმე პათოლოგია არ აღენიშნებოდა, სამედიცინო დახმარებას არ საჭიროებდა.
06.08.2019 წ. მ.მ. სასამართლო სხდომაში მონაწილეობისას ბათუმის საქალაქო სასამართლოში ის გახდა შეუძლოდ. ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. ბრალდებულს გაუკეთდა ელექტროკარდიოგრაფია, თუმცა რაიმე პათოლოგია არ დაფიქსირებულა.
07.08.2019 წ. პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნისას ბრალდებულს კვლავ ჩაუტარდა ექიმის კონსულტაცია. ექიმის ჩანაწერის თანახმად, კონსულტაციის დროს ბრალდებულს ჩივილები არ ჰქონია, აღნიშნავდა ნერვიულობას ციხეში მოხვედრის გამო. ობიექტური მონაცემების საფუძველზე, პაციენტს დაესვა დიაგნოზი – ნევროტულობა, ერთჯერადად მიეწოდა დამამშვიდებელი პრეპარატი – ატარაქსი და რეკომენდებულ იქნა კარდიოლოგის გეგმიური კონსულტაცია. მიმდინარე წლის 10 აგვისტოს 00:22 საათზე ბრალდებული დაწვა დასაძინებლად. 08:27 სთ-ზე იგი თანამესაკნემ ნახა უგონო მდგომარეობაში და დაუძახა მორიგე კონტროლიორს. 08:30 სთ-ზე მორიგე ექიმმა დააფიქსირა გარდაცვალება. მომხდართან დაკავშირებით გუშინ შეტყობინება გაეგზავნა ისრაელის საკონსულოს საქართველოში. ასევე, საქართველოს სსკ 116-ე მუხლის პირველი ნაწილით იმავე დღეს დაიწყო გამოძიება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დასავლეთის სამმართველომ“,- აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში.