ქუთაისის მუნიციპალიტეტში ღამის საათებში პიროტექნიკის გამოყენება იკრძალება, გაკონტროლდება ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებაც
ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენება იკრძალება. შესაბამისი დადგენილება ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გამოსცა.
როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, ღამის საათებში იგულისხმება დრო 23:00 საათიდან 08:00 საათამდე. ამასთან, მოთხოვნები არ ვრცელდება ახალი წლის სადღესასწაულო დღეებზე (31 დეკემბრის 21:00 საათიდან 2 იანვრის 23:00 საათამდე და 13 იანვრის 21:00 საათიდან 14 იანვრის 23:00 საათამდე), საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღესა (9 აპრილი) და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე (26 მაისი).
გარდა ამისა, დადგენილების მიხედვით, გაკონტროლდება აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებაც. მოთხოვნები არ ვრცელდება დასაქმებულთა მიმართ სამუშაო ადგილებზე და სამუშაო გარემოში წარმოქმნილ ხმაურზე, საავიაციო, სარკინიგზო, საზღვაო და საავტომობილო ინფრასტრუქტურაზე, საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით გარანტირებული ადამიანის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე, დღის საათებში მიმდინარე სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებზე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან შეთანხმებულ დასვენების, კულტურისა და სპორტის საჯარო ღონისძიებებზე, საღმრთო მსახურების ჩატარებაზე, სხვადასხვა რელიგიური წეს-ჩვეულებებისა და ცერემონიების დროს განხორციელებულ აქტივობებზე.
ამასთან, როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, რეაგირების სახით გათვალისწინებულია გაფრთხილება და ჯარიმა.
„ზედამხედველობის სამსახური უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. თუ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771-ე და 772-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ადმინისტრაციული გამოკვლევა საჭირო არ არის, ზედამხედველობის სამსახური ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს, რომლის დროსაც ხელმძღვანელობს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით. გაფრთხილების, ან დაჯარიმების თაობაზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერთან. საჩივრის განხილვის პროცესში მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაში სამართალდამრღვევი პირის მონაწილეობა სავალდებულოა. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებელია, გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში“, – ნათქვამია დადგენილებაში.