ქუთაისის მესამე სამშობიაროს თანამშრომლები კლინიკის კოვიდცენტრად გადაკეთებას აპროტესტებენ, ხელმძღვანელობა მათ პროტესტს უსაფუძვლოს უწოდებს
ქუთაისის მესამე სამშობიარო სახლის თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი სამშობიაროს კოვიდკლინიკად გადაკეთებას აპროტესტებენ.
თანამშრომლების თქმით, გუშინ ხელმძღვანელმა მათ უთხრა, რომ სამშობიარო განყოფილება დროებით დაიხურება და მშობიარეებს აღარ მიიღებენ. მედიკოსების თქმით, ისინი სამსახურის გარეშე რჩებიან და მათი პაციენტები სხვა კლინიკაში გადავლენ.
„ხელმძღვანელმა გვითხრა, რომ გადაწყვეტილებას ის იღებს და არ აინტერესებს თანამშრომლების პროტესტი. გვითხრეს, რომ ვისაც უნდა დარჩება და იმუშავებს, მაგრამ როგორ წარმოუდგენიათ, გინეკოლოგმა ეპიდემიოლოგად იმუშაოს? 55-მა თანამშრომელმა ხელმოწერა შევადგინეთ ადმინისტრაციის სახელზე და მოვითხოვთ, გამოგვიყონ ფართი, სადაც შევძლებთ, ჩვენი პაციენტები მივიღოთ. თუ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ვაპირებთ, აქციები გავაგრძელოთ. აქ არ არის სათანადო ინვენტარი და აღჭურვილობა, რომ კოვიდცენტრად იმუშაოს“, – განაცხადა კლინიკის ერთ-ერთმა თანამშრომელმა.
სამშობიაროს ხელმძღვანელის თქმით, კლინილა კოვიდცენტრად რამდენიმე თვით გადაკეთდება. ამ დროის განმავლობაში კოვიდინფიცირებულ პაციენტებს მიიღებენ და თანამშრომლების ნაწილს შესთავაზეს, ამ პირობებში ემუშავათ, რაზეც უარი მიიღეს. მედია შავიშვილის თქმით, კლინიკის კოვიდცენტრად გადაკეთება სახელმწიფოს გადაწყვეტილებაა და ექიმების პროტესტი უსაფუძვლოა.