ქუთაისის მერის გადაწყვეტილებით, 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა მოხუცებს საკვებს სახლში მიუტანენ
ქუთაისის მერის გადაწყვეტილებით, „მადლიერების სახლის“ 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა ბენეფიციარებს სახლებში მოხალისეები მიაკითხავენ და საკვებს მიუტანენ.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ, 70 წელს ზემოთ საქართველოს მოქალაქეებისთვის გაცემული იქნა რეკომენდაცია, რომ მაქსიმალურად მოერიდონ თავშეყრის ადგილებს და შეეცადონ, საკუთარი თავის იზოლაციას, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი საფრთხე მათი ჯანმრთელობისთვის. ამ რეკომენდაციის შესაბამისად, ქუთაისის მერიაში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ „მადლიერების სახლის“ 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა ბენეფიციარებს სახლებში მიუტანონ საკვები. პროცესში ჩართული არიან ქალაქის მერი, მერის მოადგილეები, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები და 80 მოხალისე.
„ჩვენი მოქალაქეების მაქსიმალური თვითიზოლაცია კორონავირუსის გავრცელების საფრთხესთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. განსაკუთრებით მათი, ვინც რისკის ზონაშია, 70 წელს გადაცილებული და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები. ამიტომ, მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ 70 წელს გადაცილებული ჩვენი მოქალაქეები დარჩნენ სახლებში, ხოლო ჩვენი სტრუქტურები იმუშავებენ, რათა ამ ადამიანებს სახლებში მივაწოდოთ პროდუქტი, მედიკამენტები და სხვა ტიპის მომსახურება“, – აცხადებს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია.
საკვებთან ერთად, ადამიანებს დაურიგდებათ საინფორმაციო ბუკლეტები, სადაც უსაფრთხოების რეკომენდაციებია მოცემული.