ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლია“ აქციას მართავს
ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლია“ აქციას მართავს.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, 25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, მერიის შენობაზე ოკუპაციის საწინააღმდეგო პლაკატები გააკრეს, რასაც მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის მხრიდან პლაკატების ჩამოხევა და მათი მისამართით დაჯარიმების მუქარა მოჰყვა.
აქციის მონაწილეები თვლიან, რომ ქუთაისის მერიის პოლიტიკა გაურკვეველია. მათი განმარტებით, მერიის ფასადზე გაურკვეველი შინაარსის წარწერებია, თუმცა ადგილობრივმა ხელისუფლებამ მხოლოდ მათი პლაკატების ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღო.
„რუსეთი მტერია“, „რუსეთი ოკუპანტია“, „იძებნება“, – ამგვარი შინაარსის წარწერები და პლაკატები გააკრეს არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლია“ წარმომადგენლებმა აქციის დანარჩენ მონაწილეებთან ერთად.
„თუ მერიის პოლიტიკა შერჩევითი არ არის, ადგნენ და დაგვაჯარიმონ. 25 თებერვალს, ჩამოხსნეს და გვითხრეს, რომ დაგვაჯარიმებდნენ, თუმცა პლაკატების ჩამოხევას საზოგადოების მწვავე რეაქცია მოჰყვა და გაჩერდნენ. დღესაც ანალოგიურად გავაკარით პლაკატები და ველოდებით მერიის რეაქციას“, – განაცხადა „ევროპა ჩვენი სახლია“-ს დამფუძნებელმა თორნიკე ბარათაშვილმა.
ქუთაისის მერიაში ამ თემაზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.