ქუთაისის მერიამ სოციალურ საცხოვრისთან დაკავშირებული დასკვნა გაასაჯაროვა
ქუთაისის მერიამ სოციალურ საცხოვრისთან დაკავშირებული დასკვნა გაასაჯაროვა

ქუთაისის მერიამ სოციალურ საცხოვრისთან დაკავშირებული დასკვნა გაასაჯაროვა. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ქუთაისის სოციალურ საცხოვრისში დაუცველია უსაფრთხოება, არასრულყოფილია დოკუმენტაცია, შეუსაბამოა პროექტი და ცხოვრებისთვის საშიში პირობებია.

„ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე შენობა, რომელიც ადრე კავშირგაბმულობის საწარმოო ობიექტს წარმოადგენდა, საცხოვრებლის პირობებს არ აკმაყოფილებს. შენობაში დარღვეულია სახანძრო უსაფრთხოების ნორმები, ობიექტზე დამონტაჟებული გაზქურების გამოყენება კი ოთახების განლაგების გამო სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია“,- აღნიშნულია დასკვნაში.

ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას ინფორმაციით, ლევან სამხარაულის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა ქუთაისში სოციალურ საცხოვრისთან დაკავშირებით უკვე მიღებულია და დასკვნას მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე ასაჯაროებენ.

„როგორც იცით ,დასკვნა უკვე გადაგზავნილია საგამოძიებო უწყებაში და ველოდებით შედეგებს. სოციალურ საცხოვრისში არსებული პირობებით პრობლემების წარმოქმნისთანავე დავინტერესდით. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ მოგვეწვია ექსპერტიზა, რომელიც ზუსტ დასკვნას დადებდა. დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ ადგილზე ძალიან ბევრი დარღვევა და ხარვეზი გამოიკვეთა რომლის დაუყოვნებლივ გამოსწორება უკვე მოვთხოვეთ სამუშაოების შემსრულებელ კომპანია ,,სანოს”.

ჩემი და ჩემი გუნდის პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო რომ აღნიშნულ საქმეზე მომხდარიყო ზუსტი დასკვნების დადება, რათა გვემოქმედა შესაბამისად“,- განუცხადა პირველ არხს ქუთაისის მერმა.