ნანა კოსტავა არ არის „ქართული ოცნების“ წევრი, შესაბამისად, არ გვაქვს შესაძლებლობა, პარტიიდან გავრიცხოთ, – ამის შესახებ ქუთაისის მერმა, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჭიღვარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ამასთან, ჭიღვარიას შეფასებით, მიუღებელია განცხადებები, რაც ნანა კოსტავამ გააკეთა.
„ნანა კოსტავა არ არის „ქართული ოცნების“ წევრი, ამიტომ ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა, ის პარტიიდან გავრიცხოთ. ჩვენთვის მიუღებელია მსგავსი განცხადებები და შეხედულებები და ვემიჯნებით მას“, – განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
ამასთან, ქალაქის მერმა განაცხადა, რომ აბსურდია გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, კოსტავამ საკრებულოდან წასვლის გადაწყვეტილება გიორგი ჭიღვარიასთან კონსულტაციების შემდეგ შეცვალა.
„ვფიქრობ, მსგავს ინფორმაციას მიზანმიმართულად ავრცელებენ გარკვეული ძალები, რადგან ალბათ, სჭირდებათ ამ მძიმე თემას მიაბან ქუთაისის მერი. ამ კუთხით ჩვენ არანაირი კონტაქტი არ გვქონია“, – განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
ქუთაისის საკრებულოს წევრმა, ნანა კოსტავამ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ რამდენიმე დღის წინ სოციალური მედიის მენეჯერის, სალომე ბარკერის ერთ-ერთი ვიდეო გააზიარა წარწერით: „კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!“. სალომე ბარკერის 16 წლის და რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში, ექსკურსიაზე ყოფნისას, მდინარეში ჩავარდა და გარდაიცვალა. სწორედ აღნიშნულ ფაქტს დაემთხვა საკრებულოს წევრის მიერ ვიდეოზე აღნიშნული შინაარსის კომენტარი. მოგვიანებით კოსტავამ „ფეისბუქის“ საშუალებით ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ სალომე ბარკერის დის გარდაცვალების შესახებ არაფერი იცოდა.
ამასთან, ნანა კოსტავამ ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარის თანამდებობა 31 მაისს დატოვა. იმავე დღეს განაცხადა, რომ ორშაბათს საკრებულოდან წასვლაზე განცხადებას დაწერდა. თუმცა, დღეს სატალეფონო კომენტარისას განაცხადა, რომ სავარაუდოდ, საკრებულოს აღარ დატოვებს.