ქუთაისის კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრი სამმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა
ქუთაისში კლინიკა „ბომონდის” კოვიდცენტრი კიდევ სამმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა, მათ შორის ბავშვი და ორსული არიან.
ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის კურსი 83 პაციენტს უტარდება. ინფიცირებულებს შორის არიან ბავშვები, ხანდაზმულები და ორსულები.
„უკვე ერთი თვეა, რაც კლინიკა “ბომონდის” კოვიდცენტრი ფუნქციონირებს. ამ პერიოდის განმავლობაში კლინიკაში 230 კოვიდდადებითი პაციენტი მივიღეთ. აქედან, 130-მა პაციენტმა ვირუსი დაამარცხა და კლინიკა გამოჯანმრთელებულმა დატოვა. დარჩენილი პაციენტები შესაბამის მკურნალობას გადიან.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კლინიკა „ბომონდი”, როგორც მესამე დონის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი, იღებს ისეთ პაციენტებს, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვა გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. კოვიდცენტრის სამედიცინო პერსონალის წყალობით, არაერთი მძიმე მდგომარეობაში მყოფი ორსულისა და ახალშობილის სიცოცხლის გადარჩენა მოხდა, გამოჯანმრთელდნენ ხანდაზმულებიც. სამწუხაროდ, გვქონდა რამდენიმე ლეტალური შედეგიც, როდესაც ხანდაზმული პაციენტის გადარჩენა ქრონიკული და თანმდევი დაავადებების მიზეზით ვერ მოხერხდა.
ამ დროისათვის კოვიდცენტრში მოთავსებული პაციენტების დიდი ნაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა კლინიკაში რჩებიან მძიმე პაციენტებიც, რომელთა სიცოცხლის გადასარჩენად ჩვენი მხრიდან ყველა შესაბამისი ღონისძიება ტარდება”, – ამბობს კლინიკა „ბომონდის” კლინიკური მენეჯერი მამია ყიფიანი.