ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრი კლინიკის ექიმის ინფიცირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრი კლინიკის ექიმის ინფიცირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ექიმი შაბათს, 5 სექტემბერს თბილისში, ერთ-ერთ ღონისძიებაზე იმყოფებოდა და მისი ინფიცირებაც სწორედ აქედან მოხდა.
კლინიკაში აცხადებენ, რომ შემთხვევის იდენტიფიცირება კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე მოხდა, რაც ვირუსის გავრცელების არეალს მინიმუმამდე ამცირებს.
დაინფიცირებულ ექიმთან ახლო კონტაქტში მყოფი ყველა პირი იდენტიფიცირებულია და ხორციელდება მათი თვითიზოლაციაში და საკარანტინო სივრცეებში გადაყვანა.
„გუშინ, ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ერთ-ერთი ექიმის „კოვიდ-19“-ზე გეგმური შემოწმებისას, „პისიარ“-ტესტირებამ სუსტად დადებითი შედეგი აჩვენა. მისი დაინფიცირების წყარო ცნობილია. ექიმი, შაბათს, თბილისში, ერთ-ერთ ღონისძებაზე იმყოფებოდა. ჰოსპიტალში დანერგილი სამედიცინო პერსონალის აქტიური ზედამხედველობის სისტემის მეშვეობით, შემთხვევის იდენტიფიცირება კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე მოხდა, რაც ვირუსის გავრცელების არეალს მინიმუმამდე ამცირებს. დაინფიცირებულ ექიმთან ახლო კონტაქტში მყოფი ყველა პირი იდენტიფიცირებულია და ხორციელდება მათი თვითიზოლაციაში და საკარანტინო სივრცეებში გადაყვანა. ჰოსპიტლის თანამშრომლებში დღეს დაგეგმილია კიდევ ერთი არაგეგმური სკრინინგის ჩატარება.
კოვიდისგან გამოწვეული ეპიდსიტუაციის გამო, სხვადასხვა განყოფილებას შორის მკაცრადაა დაცული ზონირება, პაციენტების ნაკადებისა და სამედიცინო პერსონალის ერთმანეთთან შემხებლობა მინიმუმამდეა დაყვანილი (საუბარია ჰოსპიტალიზებულ პაციენტებზე). დადგენილი პროტოკოლის თანახმად, ჰოსპიტალში დასაქმებულ თანამშრომლებს გეგმურ რეჟიმში, კვირაში ორჯერ უტარდებათ „პისიარ“-ტესტირება „კოვიდ-19“-ზე.
ასევე აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ექიმს შემხებლობა არ ჰქონდა ჰოსპიტლის „ცე“ ბლოკთან, სადაც ნეონატალური და სამეანო განყოფილებებია განთავსებული.
ჰოსპიტალში მიმდინარეობს ვირუსის გავრცელების ყველა პრევენციული ღონისძიება.
ნებისმიერი სიახლის შემთხვევაში, საზოგადოებას მივაწვდით სრულფასოვან ინფორმაციას“, – ნათქვამია განცხადებაში.