ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოსა და საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული თითო პაციენტი მკურნალობს
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოსა და საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული თითო პაციენტი მკურნალობს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ლაბორატორიიდან „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით მოთავსებული პაციენტის საკონტროლო ტესტის პასუხი მიიღეს. აღმოჩნდა, რომ ვირუსი კვლავ აქტიურია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის მთავარმა ექიმმა, თეიმურაზ ნადირაძემ განუცხადა.

ნადირაძის ინფორმაციით, პაციენტს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღარ აღენიშნება, თუმცა ვიდრე საკონტროლო ტესტზე ორგზის უარყოფით პასუხს არ მიიღებენ, პაციენტი კლინიკის ბოქსირებულ პალატაში დარჩება. აღნიშნული პაციენტი კლინიკაში ერთი თვის წინ მოათავსეს.

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 39 პაციენტი ჰყავს.

ამასთან, საჩხერის სამედიცინო ცენტრში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით მხოლოდ ერთი პაციენტია მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, მიხეილ ქამუშაძემ განუცხადა. საჩხერის სამედიცინო ცენტრში ცხელების სიმპტომით პაციენტები კვლავ არ მიუღიათ. საჩხერის სამედიცინო ცენტრში ახალი კორონავირუსისგან სულ ექვსი პაციენტი გამოჯანმრთელდა.