ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში გადაღებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში გადაღებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით, სადაც ნაჩვენებია, როგორ სცემს დედა რამდენიმე თვის ბავშვს, გამოძიება დაიწყო,- ამის შესახებ ჟურნალისტებს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია წივწივაძემ განუცხადა.
მისი თქმით, მათ უკვე მიმართეს სამართალდამცველებს.
ნათია წივწივაძის განმარტებით, ისინი მდგომარეობის გასაცნობად ოჯახში იმყოფებოდნენ.
წივწივაძის განცხადებით, ოჯახი სოციალურად დაუცველია და მათ ფინანსური მხარდაჭერა სჭირდებათ.
სოციალური მომსახურების ცენტრში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე ბავშვის უსაფრთხოება დაცულია და დედისგან გარიდების აუცილებლობა არ არსებობს.
რაც შეეხება დედას, ის განმარტავს, რომ ემოციურ მდგომარეობაში იყო. არსებული ინფორმაციით, დედა-შვილმა კლინიკა ორი დღის წინ, ხელწერილის საფუძველზე დატოვა.
კლინიკაში ადასტურებენ, რომ აღნიშნული პირები ნამდვილად იმყოფებოდნენ მათთან სამკურნალოდ და მას შემდეგ, რაც დედამ შეიტყო, რომ კლინიკა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციისთვის მიმართვას აპირებდა, საავადმყოფო დატოვეს.