ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის დასი საერთაშორისო ფესტივალზე ანკარაში გაემგზავრა
ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის დასი საერთაშორისო ფესტივალზე ანკარაში გაემგზავრა

ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის დასი, თოჯინების თეატრების მე-9 საერთაშორისო ფესტივალზე ანკარაში გაემგზავრა. ქუთაისელი მეთოჯინეები ფესტივალზე წარადგენენ ორი გრანპრის მფლობელ სპექტაკლს – „მახინჯი იხვის ჭუკი“.

„ძალიან საინტერესო საფესტივალო რეპერტუარია ანკარის მე-9 საერთაშორისო ფესტივალზე, თუმცა ეს არ არის საკონკურსო წარმოდგენები, უფრო დათვალიერება არის. ჩვენს სპექტაკლს „მახინჯი იხვის ჭუკი“ თურქეთში საქართველოს ელჩი და დიპლომატები დაესწრნენ. მაყურებელმა დიდი ემოციით და მოწონებით მიიღო წარმოდგენა“,- განაცხადა საქართველოს გაერთიანებული თოჯინების თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ საბაშვილმა.

თურქეთში საქართველოს ელჩის, გიორგი ჯანჯღავას განცხადებით, სპექტაკლმა ანკარაში დიდი მოწონება დაიმსახურა.

„მქონდა პატივი, საელჩოს დიპლომატებთან, ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე, თურქეთის ხელოვანთა წრეებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად, დავსწრებოდი ანკარის თოჯინების მე-9 საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, ქუთაისის თოჯინების თეატრის დასის მიერ წარმოდგენილ საბავშვო სპექტაკლს.  წარმოდგენამ, პუბლიკის, განსაკუთრებით, პატარა მაყურებელთა დიდი მოწონება და მხურვალე ოვაციები დაიმსახურა. მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო, საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებისა და ქუთაისის თოჯინების თეატრის მესვეურებს ამ სასიამოვნო საღამოსთვის“,- განაცხადა გიორგი ჯანჯღავამ.