ქუთაისის იაკობ გოებაშვილის თოჯინების პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა 78-ე სეზონი პრემიერით გახსნა
ქუთაისის იაკობ გოებაშვილის თოჯინების პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა 78-ე სეზონი პრემიერით გახსნა. მეთოჯინეებმა წარმოადგინეს სპექტაკლი ლილე შენგელიას და ავთანდილ დიასამიძის თანამედროვე პიესის მიხედვით – „შინაგანი ანსამბლი“. სპექტაკლის რეჟისორია ავთანდილ დიასამიძე, მხატვარი – ვახტანგ ქორიძე.
სპექტაკლში მონაწილეობენ: აბელ სოსელია, ავთო ჩიქვილაძე, ბაქარ დეისაძე, სალომე დოხნაძე, მანუჩარ ბეგალიშვილი, ნანა ოქროიანი, ჯანეტ ქობულაძე, თიკო ნემსაძე, თეა გეგეჭკორი, ზაზა იოსებაშვილი, მზია მოსიძე, მარინა ჯინჭველაშვილი.
სპექტაკლი მოზარდებს ბევრ კითხვას გაუჩენს მათ ანატომიაზე, ადამიანის შინაგანი ორგანოების ცხოვრებაზე, მუშაობის სტილზე და ზრუნვაზე. პერსონაჟები სცენიდან წარმოადგენენ ამბავს, სადაც მოულოდნელობებით სავსე გზაზე, მუსიკალური ელემენტებითა და დინამიკური ტექსტით, მაყურებელი მათ შესახებ უცნაურ ამბებსა და შესაძლებლობებს გაიგებს, რაც ხელს შეუწყობს მოზარდის ინტერესის გაღრმავებას მნიშვნელოვანი თემების მიმართ.
„ვულოცავ ქუთაისის თოჯინების თეატრს 78-ე სეზონის გახსნას და პრემიერას. კარგი სპექტაკლი ვიხილეთ ახალგაზრდა რეჟისორის მიერ დადგმული. მიხარია, რომ ახალგაზრდა რეჟისორები ინტერესდებიან თოჯინებს თეატრით. ახალი სეზონი იქნება განსხვავებული ქუთაისის თოჯინების თეატრისთვის, რადგან ვაპირებთ ექსპერიმენტული სპექტაკლების დადგმას. ასე რომ, ეს წელი იქნება მრავალფეროვანი სიახლეებით და კარგი პროდუქტით“, – განაცხადა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ საბაშვილმა.
„ძალიან მიხარია, რომ მოხდა ჩემი შეხვედრა ქუთაისის თოჯინების თეატრთან. დიდი ხანი ველოდი ამ მომენტს, რადგან მოსმენილი მქონდა შესანიშნავი დასის შესახებ. ჩამოვიტანე ჩემი და ლილე შენგელიას პიესა „შინაგანი ანსამბლი“, რომელიც არის, ასე ვთქვათ, მხიარული გაკვეთილი ანატომიაზე“, – განაცხადა რეჟისორმა, ავთანდილ დიასამიძემ.